საქართველოში თურქეთის ელჩმა მუსტაფა თიურქერ არიმ განაცხადა, რომ თურქეთის რესპუბლიკის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელია. ელჩმა სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარა კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.
დიპლომატმა ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს მრავალწლიან პარტნიორობას. მისი თქმით, თურქეთი იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. ელჩის განცხადებით, თურქეთი, რომელიც 1999 წლის სტამბოლის მოლაპარაკებებს მასპინძლობდა, კვლავ უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას.
რა უძღოდა წინ განცხადებას?
ელჩის კომენტარი მოჰყვა 17 ნოემბერს სტამბოლში გავრცელებულ განცხადებას, სადაც ჩრდილოეთ კავკასიის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭომ თურქეთის პარლამენტს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული პასპორტების აღიარებისა და პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენისკენ მოუწოდა. აღნიშნულ ინიციატივას 24 ორგანიზაციამ მოაწერა ხელი.
ამასთან, 17 ნოემბერს ანკარაში დაფუძნდა „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფი“, რომელშიც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის დეპუტატები შედიან. ისინი აფხაზეთთან პირდაპირი კავშირების აღდგენას უჭერენ მხარს.
ამ პროცესებს თურქეთში მოქმედი ქართული ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა. მათ ერთობლივ განცხადებაში შეშფოთება გამოხატეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლეგიტიმაციის მცდელობების გამო და თურქეთს მოუწოდეს, არ გადაუხვიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ საგარეო პოლიტიკურ კურსს.







დისკუსია
0 კომენტარი