თურქეთი ევროკავშირთან შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მისაღწევად ტექნიკურ მოლაპარაკებებს განაახლებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ტელეკომპანია TGRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამინისტროს ევროკავშირის საქმეთა დირექტორატი ევროპელ კოლეგებთან ერთად შეთანხმების პროექტებზე მუშაობს.

ამჟამად თურქეთს ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო 72 კრიტერიუმიდან 66 შესრულებული აქვს. დარჩენილი ექვსი პუნქტის დასრულება საკანონმდებლო ცვლილებებს და ინსტიტუციურ რეფორმებს მოითხოვს. ფიდანის თქმით, ვიცე-პრეზიდენტ ჯევდეთ ილმაზის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი სამუშაოები უკვე დასრულებულია და პროცესს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც აკონტროლებს.

დარჩენილი ვალდებულებები მოიცავს ანტიტერორისტული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის განახლებას და ევროპოლთან ოპერატიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას. ასევე, საჭიროა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციების იმპლემენტაცია და ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების ეფექტური შესრულება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის მოქალაქეების მიერ შენგენის ვიზაზე განაცხადების რაოდენობა წლიურად 1,2 მილიონს აჭარბებს, საიდანაც დაახლოებით 15 პროცენტი უარით სრულდება. ფიდანის შეფასებით, მიგრაციულ პოლიტიკაზე მზარდი გავლენა აქვთ მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და სტუდენტების განაცხადებზე აისახება.

პროცესი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ანკარაში პირველად გაიმართა შენგენის ადგილობრივი თანამშრომლობის (LSC) ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ევროკავშირის დელეგაციამ და თურქმა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.