საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დავით მამისეიშვილი შეარჩია. ექვსი მსურველიდან საბჭომ არჩევანი სწორედ მასზე გააკეთა და მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.

ვინ არის დავით მამისეიშვილი

დავით მამისეიშვილი არაერთი გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეა. მის სახელს უკავშირდება ისეთი საქმეები, როგორებიცაა:

  • ე.წ. ბიტკოინების საქმე, სადაც მხარეები ბიძინა ივანიშვილი და გიორგი ბაჩიაშვილი იყვნენ;
  • კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას საქმე;
  • „რუსული კანონის“ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირის საქმე;
  • ბათუმში მუშაობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმე.

გვრიტიშვილის გადაწყვეტილება და კრიტიკა

კონკურსის მიმდინარეობისას მოულოდნელი აღმოჩნდა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. „პირველებთან“ საუბრისას გვრიტიშვილმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება „ობიექტური მიზეზებით“ მიიღო და ამ ეტაპზე საქმიანობის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელება ამჯობინა.

გვრიტიშვილის თქმით, კანდიდატურის მოხსნაზე კონსულტაცია არავისთან, მათ შორის არც ლევან მურუსიძესთან და არც დიმიტრი ჩინჩალაძესთან, არ ჰქონია. „ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა“, — აცხადებს მოსამართლე.

შეფასებები სამოქალაქო სექტორიდან

სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებენ იურისტები და უფლებადამცველები. იურისტი გიორგი ბურჯანაძე მიმდინარე კონკურსს „დადგმულ შოუს“ უწოდებს.

„ამ კონკურსს არაფერი საერთო არ აქვს რეალურ პროცესთან. ვისაც წარადგენენ და ვინც კარს უკან შეთანხმდება, მათი არჩევა ხდება ყოველთვის. ეს არის კარიკატურა კონსტიტუციური პროცესის“, — აცხადებს ბურჯანაძე.

„მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ გვრიტიშვილმა კანდიდატურა იმიტომ მოხსნა, რომ „გარანტიები ვერ მიიღო“. ბესელიას შეფასებით, სასამართლოში არსებული კლანური მმართველობა საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების სანდოობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ალექსანდრე ბარამიძე კი აღნიშნავს, რომ კანდიდატების გვარებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სისტემა, მისი თქმით, კლანისადმი სრულ მორჩილებას ეფუძნება. შეგახსენებთ, რომ მოსამართლე მაია ვაჩაძეს უფლებამოსილების ვადა 2027 წლის აპრილამდე აქვს.