საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრების შესარჩევი საკონკურსო კომისია დაამტკიცა. გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

კომისიის შემადგენლობაში 9 წევრია: გივი აბესაძე, მარიამ გვიდიანი, როზეტა გუჯეჯიანი, თამარ კეკენაძე, დავით მაღლაფერიძე, ერმილე მესხია, ნინო მეუნარგია, სოფიო ნიკოლაიშვილი და შორენა შავერდაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომისიის წევრების შერჩევა მოხდა იმ სუბიექტებთან კონსულტაციების საფუძველზე, რომლებსაც მაუწყებლის ბორდში კანდიდატების წარდგენის კანონიერი უფლება გააჩნიათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სამ წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება, რის გამოც შესარჩევი პროცესი 2 ივნისს დაიწყო.

პარალელურად, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ფორმირების წესს ცვლის.

ცვლილებების თანახმად, მომავალში სპეციალური საკონკურსო კომისიის შექმნა და ღია კონკურსის გამოცხადება საჭირო აღარ იქნება. კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტები პირდაპირ წარადგენენ კანდიდატებს.

აღნიშნული რეგლამენტი ძალაში 2026 წლის 1-ელი ივლისიდან შევა.