45 წლის კაროლინ ფონჯოკისთვის ყველაფერი ჩვეულებრივი ჩირქგროვით დაიწყო. სოციალური მუშაკი ფიქრობდა, რომ შარდსასქესო სისტემის ინფექცია ჰქონდა, თუმცა 36 საათის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოდ გაუარესდა. ის გონებას კარგავდა და მძიმე სიმპტომები აღენიშნებოდა.

Family photograph

მოგვიანებით გაირკვა, რომ „ჩირქგროვა“ სინამდვილეში ნეკროზული ფასციიტი იყო — იშვიათი და სასიკვდილო ინფექცია, რომელიც კანქვეშა ქსოვილებს ანადგურებს.

კაროლინს, რომელსაც ტიპი 2 დიაბეტი აწუხებს, ინფექცია ელვისებური სისწრაფით გავრცელდა. კემბრიჯის საავადმყოფოში ექიმებმა განუცხადეს, რომ დაუყოვნებლივი ქირურგიული ჩარევის გარეშე, ის დილამდე ვერ მიაღწევდა.

„ეს იყო საშინელი ოპერაცია“, - იხსენებს კაროლინი. ქირურგებს ფეხის დიდი ნაწილის მოკვეთა დასჭირდათ, რათა ინფექციის ორგანიზმში შემდგომი გავრცელება შეეჩერებინათ. თავად პაციენტი ამბობს, რომ დაზიანებული ქსოვილების ფოტოები ნანადირევ ცხოველს მოგაგონებდათ.

MARTIN GILES/BBC

ოპერაციის შემდეგ კაროლინი ორი კვირა კომაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას ორგანოების უკმარისობა დაეწყო. გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივი აღმოჩნდა: მას ხელახლა მოუწია სიარულის სწავლა და კომუნიკაციის დამყარება, რადგან ტრაქეოტომიის გამო დროებით მეტყველების უნარი დაკარგა.

რა არის ნეკროზული ფასციიტი?

MARTIN GILES/BBC

ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომელიც კანქვეშა ქსოვილებს შლის. ის ხშირად იწყება კანის დაზიანებული უბნით, თუმცა მიზეზი ყოველთვის არ არის აშკარა. რისკის ჯგუფში არიან დიაბეტის მქონე პირები და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები.

კაროლინის შემთხვევა გახდა საფუძველი კემბრიჯის უნივერსიტეტის 10-წლიანი კვლევისა, რომელიც 87 პაციენტის ისტორიას მოიცავს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნეკროზული ფასციიტით დაავადებულთა შორის სიკვდილიანობის რისკი 30 დღის განმავლობაში 25%-ს შეადგენს.

Getty Images

კვლევის მიზანია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის გაუმჯობესება. პლასტიკური ქირურგი ჩარლზ ლოჰი აღნიშნავს, რომ დაავადება კრიტიკულად სწრაფად პროგრესირებს და პაციენტს ხშირად ესაჭიროება რეანიმაციული ჩარევა.

კაროლინი დღეს თავს ბედნიერად გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი გზა გამოჯანმრთელებამდე რთული იყო, ის მადლიერია ექიმების, რომლებმაც მისი სიცოცხლე და კიდური გადაარჩინეს.

Family photograph