ბერლინის შარიტეს საავადმყოფოს ექიმებმა დაადასტურეს, რომ 39 წლის ამერიკელი ქირურგი პიტერ სტეფორდი ებოლას ვირუსისგან სრულად განიკურნა. პაციენტი, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამედიცინო მისიით იმყოფებოდა, ორი კვირის განმავლობაში მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მკურნალობდა.
სტეფორდი ინფიცირებულ პაციენტთან ქირურგიული ოპერაციის დროს დაინფიცირდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ე.წ. „ბუნდიბუგიოს“ ვირუსი დაუდგინდა. ეს არის ებოლას იშვიათი შტამი, რომლის წინააღმდეგაც ამჟამად დამტკიცებული ვაქცინა ჯერ კიდევ არ არსებობს.
მკურნალობის პროცესი და შედეგები
პაციენტი უგანდიდან ბერლინში სპეციალური სამედიცინო რეისით გადაიყვანეს. შარიტეს კლინიკის ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელმა, ლეიფ ერიკ სანდერმა, პიტერ სტეფორდის გამოჯანმრთელებას „მნიშვნელოვანი თერაპიული წარმატება“ უწოდა. თავად სტეფორდის თქმით, მას ჩაუტარდა ექსპერიმენტული თერაპია, რომელიც ამჟამად კლინიკური კვლევების ფაზაშია.
„სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატად, თუმცა ჩვენი ფიქრები კვლავ იმ ადამიანებთანაა კონგოში, რომლებსაც მსგავსი მაღალი დონის სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ“, - განაცხადა სტეფორდმა.
სტეფორდის ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ გერმანიაში, საკარანტინო რეჟიმიდან ასევე გათავისუფლდნენ, ვინაიდან მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდათ.
ეპიდემიოლოგიური ვითარება კონგოში
სანამ ერთი პაციენტის გამოჯანმრთელება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კრიტიკულია. ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 488-მდე გაიზარდა, მათ შორის დაფიქსირებულია 86 გარდაცვალების შემთხვევა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ეპიდემია, რომელიც აღმოსავლეთ კონგოდან დაიწყო, უკვე მეზობელ უგანდაშიც გავრცელდა. უგანდაში ამ დროისთვის 19 დადასტურებული შემთხვევა და ორი გარდაცვალებაა აღრიცხული. ქვეყანამ საზღვრის დასავლეთ ნაწილი ჩაკეტა, რამაც ადგილობრივ ვაჭრობასა და ეკონომიკურ აქტივობებს სერიოზული შეფერხებები შეუქმნა.
საერთაშორისო ექსპერტები შიშობენ, რომ თუ ეპიდემიის შეკავება ვერ მოხერხდა, შესაძლოა, მასშტაბებით 2014-2016 წლების დასავლეთ აფრიკის ებოლას ეპიდემიას გაუტოლდეს, რაც გლობალური ჯანდაცვისთვის უდიდესი გამოწვევა იქნება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.