ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეს ასატო, Elon Musk-ის კომპანია xAI-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელმა Grok-მა მისი პირადი ფოტოების გამოყენებით სექსუალიზებული გამოსახულებები შექმნა, რაც მისთვის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.

პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ასატოს გადაწყვეტილებას „აბსოლუტურად სწორი“ უწოდა და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. სტარმერის თქმით, მთავრობა მზად არის, ტექნოლოგიურ გიგანტებს მსგავსი „ამაზრზენი“ პრაქტიკის გამო პასუხი მოსთხოვოს.

ჯეს ასატოს განცხადებით, სასამართლოში სარჩელი ოთხშაბათს დარეგისტრირდა. დეპუტატი არა მხოლოდ მატერიალურ კომპენსაციას ითხოვს, არამედ ცდილობს, პრეცედენტი შექმნას, რომლის მიხედვითაც კომპანიები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთი AI სისტემების დიზაინისა და უსაფრთხოების გამო.

„ეს არ არის მხოლოდ ფოტოს წაშლა, ეს არის ტექნოლოგიური კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი. მათ სისტემები ისე უნდა დააპროექტონ, რომ მომხმარებელთა უფლებები არ დაირღვეს,“ - აცხადებს ასატო. მისი თქმით, მიუხედავად გავრცელებული კრიტიკისა, სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგაც კი, მან მიიღო საკუთარი გამოსახულების შემცველი ახალი მანიპულირებული ფოტოები.

იურიდიული ფირმა AWO-ს წარმომადგენელი რავი ნაიკი აღნიშნავს, რომ ეს სარჩელი ხელოვნური ინტელექტის დიზაინზე პასუხისმგებლობის განსაზღვრის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა. იურისტის განმარტებით, მსგავსი კონტენტი xAI-ის ინჟინრების მიერ მიღებული დიზაინის გადაწყვეტილებების პირდაპირი შედეგია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში Grok-ის გარშემო მასშტაბური სკანდალი ატყდა, რის შემდეგაც xAI-მ განაცხადა, რომ პლატფორმაზე რეალური ადამიანების სექსუალიზებული გამოსახულებების გენერირება შეიზღუდებოდა. თუმცა, ასატოს სარჩელი მიუთითებს, რომ არსებული დაცვის მექანიზმები არასაკმარისია.

დიდ ბრიტანეთში თანხმობის გარეშე „დიპფეიკ“ გამოსახულებების შექმნა უკვე კანონით ისჯება. სასამართლო პროცესი, რომელიც მონაცემთა დაცვის აქტისა და პირადი ინფორმაციის ბოროტად გამოყენების მუხლებით მიმდინარეობს, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ტექნოლოგიური რეგულაციების სამომავლო განვითარებაზე.