ბიტკოინი (BTC) ამჟამად იმყოფება მდგომარეობაში, რომელიც ტექნიკური ანალიზის მიხედვით, 2020 წლის ე.წ. „კოვიდ-კრახის“ შემდეგ ყველაზე „გაყიდულ“ ფაზად მიიჩნევა. ეს სიგნალი ბაზარზე მოკლევადიანი გამოსწორების და ფასის 70,000 დოლარამდე ზრდის მოლოდინს აჩენს.

შაბათის მონაცემებით, ბიტკოინის ყოველდღიური ფარდობითი ძალის ინდექსი (RSI) 15.5-ის ფარგლებში მერყეობდა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 30-იან ზღვარს, რაც ტრადიციულად ბაზრის გადაჭარბებულ გაყიდვებზე მიუთითებს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა დაახლოებით 30%-ით დაიკლო. ვარდნა გამოწვეული იყო გეოპოლიტიკური რისკებით, ნავთობის ფასების ზრდით, 2026 წელს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან განაკვეთის შემცირების იმედების გაცრუებით და მსხვილი მოთამაშეების მიერ ბიტკოინის გაყიდვებით გამოწვეული პანიკით.

ისტორიულად, მსგავსი ექსტრემალური მაჩვენებლები გამყიდველების გამოფიტვის ზონასთან ფიქსირდება, რასაც ხშირად მყიდველების გააქტიურება მოსდევს. 2020 წელს, როდესაც RSI 15.5-მდე დაეცა, ბიტკოინმა ფასის 50%-იანი აღდგენა აჩვენა, რაც ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების ნულამდე დაყვანამ განაპირობა.

თუმცა, აღდგენა მაკროეკონომიკური სტიმულების გარეშეც შესაძლებელია. 2026 წლის თებერვალში, როდესაც RSI 15.8-ს გაუტოლდა, ბიტკოინმა 60,000 დოლარის მხარდაჭერის ზონა შეინარჩუნა და მომდევნო პერიოდში 30%-იანი ზრდა განიცადა, რა დროსაც ფასი 82,850 დოლარამდე ავიდა.

ამჟამად ბაზრის მონაწილეები კვლავ 60,000 დოლარის ნიშნულს იცავენ. ამ დონის შენარჩუნება ზრდის ალბათობას, რომ მომდევნო კვირებში ფასი 20-დღიან ექსპონენციურ მოძრავ საშუალოს (20-day EMA), ანუ დაახლოებით 70,650 დოლარს მიუახლოვდეს. 60,000 დოლარის ქვემოთ ჩამოსვლა კი, სავარაუდოდ, 50,000 დოლარის შუალედისკენ დაღმასვლას გამოიწვევს.

კრიპტო-ანალიტიკოს სკოტ მელკერის თქმით, მოკლევადიანი მფლობელები რეკორდულ ზარალს აფიქსირებენ, რაც ხშირად „პანიკური გაყიდვების“ ნიშანია. მელკერი აღნიშნავს, რომ 5.3 მილიონი BTC, რომელიც გრძელვადიანი მფლობელების ხელშია, ამჟამად ზარალშია, რაც 2020 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მელკერის განცხადებით, განწყობა ფასს თითქმის სრულად მიჰყვება: „ვაჭრები ეიფორიაში იყვნენ მაისის პიკზე, ხოლო 3 ივნისისთვის უკიდურეს სასოწარკვეთაში აღმოჩნდნენ. ეს ის წერტილია, როდესაც ფსკერი ჩვეულებრივ ახლოსაა“.