„რატომაც არა? რატომ არა მე?“ — სწორედ ეს კითხვა დაუსვა საკუთარ თავს ემი პუმ, როდესაც ბრიტანული კრივის ისტორიაში პირველი პროფესიონალი რეფერი ქალის პოზიციის დაკავება გადაწყვიტა. ტაივანში დაბადებული და ლონდონში მოღვაწე სპორტული ოფიციალური პირი დღეს იმ სფეროს წამყვანი ფიგურაა, სადაც ქალების მონაწილეობა მანამდე თითქმის წარმოუდგენელი იყო.
ემი პუს გზა კრივამდე შემთხვევით დაიწყო. ლონდონში სწავლის პერიოდში, ფიზიკური ფორმის შენარჩუნების მიზნით, მან კრივის კლუბს მიაკითხა. ჰობი მალევე გადაიზარდა პროფესიულ ინტერესში. ის ჯერ მოყვარულთა დონეზე მსაჯობდა, 2018 წელს კი სრული კვალიფიკაცია მიიღო. თუმცა, პროფესიონალურ რინგზე გადასვლა სულ სხვა გამოწვევა იყო.
ისტორიული დებიუტი იორკ ჰოლში
2024 წლის მარტი ბრიტანული კრივისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. იორკ ჰოლში გამართულ საღამოზე ემი პუ პირველად გამოვიდა პროფესიონალი რეფერის რანგში. მარკუს იტონისა და პოლ სკაიფის ორთაბრძოლა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თუმცა რინგზე გამოსულმა ემი პუმ სპორტული ისტორია დაწერა.
„როდესაც რინგში შევედი და ფოტოგრაფებმა ჩემი გადაღება დაიწყეს, მივხვდი, რომ ეს უკვე რეალობაა. ბრძოლის დაწყების შემდეგ კი მხოლოდ მოკრივეებზე ვფიქრობდი“, — იხსენებს ის. მას შემდეგ პუმ არაერთ მნიშვნელოვან ბრძოლაში იმსაჯა, მათ შორის ოლექსანდრ უსიკისა და დანიელ დუბუას დაპირისპირების ანდერქარდზეც.
სტერეოტიპების დაძლევა
ემი პუ აღიარებს, რომ გარკვეული წნეხი მაინც არსებობს. როგორც ქალი და როგორც აზიელი, ის ხშირად ხვდება ყურადღების ცენტრში, თუმცა მისი გამოცდილება პოზიტიურია. „მინდა, რომ მსაჯად მიყურებდნენ და არა როგორც აზიელ ქალ რეფერის. კრიტიკა მისაღებია, თუ ის ჩემს პროფესიულ გადაწყვეტილებებს ეხება და არა ჩემს ვინაობას“, — ამბობს ის.
ემი პუ ახლა უკვე ახალგაზრდა გოგონებისთვის შთაგონების წყაროა. მისი მიზანი ნათელია: უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრება და კარიერული ზრდა. „ვოცნებობ მსოფლიო ტიტულის ბრძოლის მსაჯობაზე ვემბლიზე ან თუნდაც ლას-ვეგასში. ოცნებები დიდი უნდა იყოს, არა?“ — დასძენს ემი.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.