35 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი დეივი ჩეისი, რომელიც ფართო საზოგადოებამ გაიცნო როგორც საშინელებათა ფილმ „ზარის“ (The Ring) მთავარი ანტაგონისტი და დისნეის ანიმაციური ფილმის, „ლილო და სტიჩის“ პერსონაჟის, ლილოს გამხმოვანებელი.
მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მენეჯერმა, ჯონ რაიან უმცროსმა დაადასტურა. მისი თქმით, ჩეისი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში მენინგიტის გართულების შედეგად განვითარებული სეფსისით გარდაიცვალა. რაიანმა ასევე აღნიშნა, რომ ჰოსპიტალიზაციამდე მსახიობს კვების ნაკლებობა (malnourishment) აღენიშნებოდა.
დეივი ჩეისის კარიერა 4 წლის ასაკში დაიწყო, 7 წლისამ კი უკვე პირველი ჰოლივუდური როლი მიიღო პოპულარულ სერიალში „საბრინა — მოზარდი ჯადოქარი“. მიუხედავად წარმატებული სტარტისა, მსახიობმა 2015 წელს კარიერა სრულად დაასრულა.
„ის იყო საოცარი ადამიანი. უყვარდა კატები და აქტიურად თანამშრომლობდა ცხოველთა თავშესაფრებთან. იყო ჩაკეტილი ტიპაჟი, რომელიც ხშირად უარს ამბობდა დიდ ჰოლივუდურ პროექტებზე და სახლში, ლას-ვეგასში ბრუნდებოდა“, — იხსენებს მისი მენეჯერი, რომელიც ჩეისთან 15 წელი მუშაობდა.
მსახიობისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა 2001 წელი, როდესაც ის სამანტა დარკოს როლში გამოჩნდა ფილმში „დონი დარკო“. თუმცა, მსოფლიო აღიარება მას 2002 წელს მოუტანა სამარა მორგანის როლმა ფილმში „ზარი“. ამ როლისთვის მან MTV-ის კინოჯილდოც დაიმსახურა როგორც „საუკეთესო ბოროტმოქმედმა“.
იმავე წელს მან გაახმოვანა ლილო ანიმაციურ ფილმში „ლილო და სტიჩი“, რისთვისაც Annie Award-ის ჯილდო მიიღო. მისი ფილმოგრაფია ასევე მოიცავს სერიალებს: „მოხიბლულები“, „სასწრაფო დახმარება“ და HBO-ს დრამას „დიდი სიყვარული“ (Big Love), სადაც მან 32 ეპიზოდში ითამაშა.
ჰოლივუდური კარიერის მიღმა, ჩეისის ცხოვრებაში იყო სირთულეებიც. მედიის ინფორმაციით, მას პერიოდულად ჰქონდა კანონთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ნარკოტიკების ფლობისა და მოპარული ავტომობილით სარგებლობის ბრალდებებით.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.