საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, საბერძნეთში გასამართი მატჩისთვის ემზადება. გუნდმა გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გამართა.
შეკრების დასკვნით ეტაპზე მწვრთნელის განკარგულებაში 13 მოთამაშე იმყოფებოდა: გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა ლიკლიკაძე, დავით ტრაპაიძე, დუდა სანაძე, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჭინჭარაძე, ამირან აროშიძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, რომან ჭინჭარაული და საბა გიგიბერია. სერბმა სპეციალისტმა ვარჯიშისას ძირითადი აქცენტი კომბინაციების დამუშავებაზე გააკეთა.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა იმ მოთამაშეთა ვინაობა, რომლებიც ათენში გაემგზავრებიან. მწვრთნელის გადაწყვეტილებით, საბერძნეთში მიმავალ შემადგენლობაში არ მოხვდნენ ამირან აროშიძე, დავით ტრაპაიძე, რომან ჭინჭარაული და ლუკა ლიკლიკაძე.
საქართველოს ნაკრებს საბერძნეთში ხუთი ლეგიონერი შეუერთდება: მარკიზ რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია. ისინი გუნდს პირველივე ვარჯიშიდან დაემატებიან. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, ის ათენში უშუალოდ მატჩის დღეს, 26 ნოემბერს ჩავა. სწორედ ამ 14 კალათბურთელიდან შეარჩევს ალექსანდრ ჯიკიჩი იმ 12 მოთამაშეს, რომლებიც მატჩის განაცხადში მოხვდებიან.
ტურნირი და სატურნირო მდგომარეობა
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს და ესპანეთისა და უკრაინის შემდეგ პოზიციონირებს. რვა ტურის შემდეგ გუნდის აქტივში ხუთი გამარჯვებაა.
მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს. დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მინიმუმ ორი გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლა შეძლოს. შეგახსენებთ, რომ 2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატს კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.






დისკუსია
0 კომენტარი