საქართველოში სუროგაციის პრაქტიკა სრულად აიკრძალება. აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს, რასაც წინ უძღოდა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების კონსულტაციები. ინფორმაციას „TV პირველთან“ საუბარში დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კირცხალია ადასტურებენ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სუროგაცია საღვთისმეტყველო თვალსაზრისით მიუღებელია. მისი თქმით, ეს პროცესი ადამიანის სხეულის ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის მაღალ რისკებს შეიცავს.
საღვთისმეტყველო აზრით, სუროგაცია არის დარღვევა, იმიტომ, რომ როდესაც ბავშვი იმყოფება მუცელში ქალთან, რომელიც მერე მას დედად არ შერჩება და რომელიც შვილად მას არ აღიარებს, არაბუნებრივი პროცესია, - აღნიშნა დეკანოზმა.
მამა ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, პატრიარქის ინიციატივა იყო, რომ ხელისუფლებასთან ამ საკითხზე საუბარი დაეწყოთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მთავრობას სფერო უკვე შესწავლილი ჰქონდა და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ჰქონდა დაგეგმილი. დეკანოზის თქმით, ნახევარზომებმა შესაძლოა უკონტროლო პროცესები გამოიწვიოს, ამიტომ სრულ აკრძალვას მიესალმებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კირცხალიას თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მისი განცხადებით, ხელისუფლება პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საპატრიარქოსთან და პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება.
გარდა სუროგაციისა, საპატრიარქო ხელისუფლებასთან აზარტული თამაშების რეგულაციების გამკაცრებაზეც მსჯელობს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მიმდინარეობს დიალოგი კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესის საქმიანობის მოსაწესრიგებლად და არსებობს მოლოდინი, რომ დამატებითი რეგულაციები შემუშავდება.







დისკუსია
0 კომენტარი