Activision-მა მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება, რომელიც პოპულარული Battle Royale-ის, Call of Duty: Warzone-ის მომხმარებლებს შეეხება. კომპანია მიმდინარე წლის ბოლოსთვის ძველი თაობის კონსოლების — PlayStation 4-ისა და Xbox One-ის მხარდაჭერას სრულად წყვეტს.

რა იცვლება მოთამაშეებისთვის?

ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება. პირველი მნიშვნელოვანი თარიღი 4 ივნისია. ამ დღიდან Warzone-ის ჩამოტვირთვა PS4-ისა და Xbox One-ის ციფრული მაღაზიებიდან შეუძლებელი გახდება. თამაში ოფიციალურად წაიშლება პლატფორმების სთორებიდან.

პროცესი ამით არ დასრულდება. 25 ივნისს Activision-ი ძველი თაობის კონსოლებზე თამაშის შიდა მაღაზიას (in-game store) გათიშავს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები ვეღარ შეიძენენ დამატებით კონტენტს ან ვალუტას, რაც პირდაპირი მანიშნებელია თამაშის სრული დასასრულისა ამ პლატფორმებზე.

ბოლო ვადა და გადასვლა ახალ ტექნიკაზე

საბოლოო წერტილი Call of Duty: Black Ops 7-ის მეექვსე სეზონის დასრულებას უკავშირდება. როგორც კი ეს პერიოდი ამოიწურება და Call of Duty: Modern Warfare 4-ის პირველი სეზონი დაიწყება, Warzone ძველ კონსოლებზე სრულად შეწყვეტს ფუნქციონირებას. მოთამაშეებს, რომლებსაც სურთ პროგრესის შენარჩუნება და თამაშის გაგრძელება, აუცილებლად მოუწევთ გადასვლა PS5-ზე ან Xbox Series S/X-ზე.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო, რადგან თანამედროვე განახლებები და გრაფიკული მოთხოვნები ძველი აპარატურის შესაძლებლობებს სცდება. თუმცა, გადაწყვეტილება მტკივნეულია იმ მილიონობით მოთამაშისთვის, ვინც დღემდე ძველ სისტემებს იყენებს.