აშშ-ში სათვალთვალო ტექნოლოგიების გავრცელება ახალ ნიშნულს აღწევს. ღია კოდის პროექტმა DeFlock ოფიციალურად დააფიქსირა 100 000-ზე მეტი ავტომატური სანომრე ნიშნების ამომცნობი კამერა (ALPR), რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მოძრაობას აკონტროლებენ.

ALPR სისტემები ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კამერებია, რომლებიც ავტომობილის გადაადგილებისას ავტომატურად ახდენენ მონაცემთა დამუშავებას. ისინი აფიქსირებენ არა მხოლოდ სანომრე ნიშანს, არამედ გადაადგილების დროს, ადგილმდებარეობასა და ავტომობილის ვიზუალურ მახასიათებლებს.

კამერები აიდენტიფიცირებენ ავტომობილის მარკას, მოდელს, ფერს და ისეთ დეტალებს, როგორიცაა ნაკაწრები, სახურავის საბარგულები თუ საქარე მინაზე დატანილი სტიკერები. ეს ინფორმაცია შემდგომში საძიებო მონაცემთა ბაზებში ინახება.

DeFlock-ის მონაცემებით, ეს სისტემები მილიონობით ავტომობილის შესახებ ინფორმაციას აგროვებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მძღოლი კანონდარღვევაში ეჭვმიტანილი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური უწყებები ამ ტექნოლოგიას დანაშაულთან ბრძოლის ინსტრუმენტად წარმოაჩენენ, კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ პირად ცხოვრებაზე ხელყოფის რისკებზე.


სერიოზულ პრობლემად რჩება მონაცემთა შემდგომი განაწილება. მძღოლის გადაადგილების ისტორია ხშირად არ რჩება იმ ქალაქის ფარგლებში, სადაც კამერაა დამონტაჟებული. მონაცემები საიდუმლოდ ზიარდება ათასობით სხვადასხვა უწყებას შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე ამ ბაზარზე კომპანია Flock Safety-ია. მათი კამერები დამონტაჟებულია როგორც პოლიციის დეპარტამენტებში, ისე ბიზნეს ცენტრებსა და კერძო საცხოვრებელ კომპლექსებში. ინფორმაცია გროვდება საერთო ღრუბლოვან სისტემაში, რაც სხვადასხვა იურისდიქციას საშუალებას აძლევს, გაცვალონ მონაცემები.


DeFlock აცხადებს, რომ მსგავსი პრაქტიკა არა მხოლოდ Flock-ს, არამედ სხვა მწარმოებლებსაც ახასიათებთ. პროექტის მიზანია, მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად მდებარეობს მსგავსი მოწყობილობები მათ გარშემო.