ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე სანდო წყარო, ვიკიპედია, შიდა კრიზისს განიცდის. პლატფორმის მოხალისე რედაქტორები და კონტრიბუტორები Wikimedia Foundation-ის (WMF) ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას მწვავედ აკრიტიკებენ. ორგანიზაციამ გადაწყვიტა, დაეშალა Community Tech-ის გუნდი — სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც მოხალისეებსა და ფონდს შორის მთავარ ხიდს წარმოადგენდა.
რა მოხდა რეალურად?
20 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, WMF-მა ხუთი ინჟინერი და ერთი მენეჯერი სამსახურიდან გაათავისუფლა. ეს გუნდი პასუხისმგებელი იყო ისეთი აუცილებელი ინსტრუმენტების შექმნაზე, როგორიცაა პლაგიატის დეტექტორები, „Dark Mode“ ფუნქცია და მონაცემთა ვიზუალიზაციის ხელსაწყოები. რედაქტორების თქმით, ეს ჯგუფი იყო ერთადერთი რგოლი, სადაც მათ ხმას ისმენდნენ.
ფონდი აცხადებს, რომ სტრუქტურული ცვლილებები 2025 წლის სექტემბერში დაწყებული შეფასებების შედეგია. მათი მტკიცებით, ცენტრალიზებული გუნდი „ბოთლნეკებს“ და შეფერხებებს ქმნიდა. თუმცა, მოხალისეები ამ არგუმენტს არ იზიარებენ და პროცესს არაეფექტურს უწოდებენ.
პროტესტი და გაფიცვის საფრთხე
კომუნაში გაჩნდა ეჭვი, რომ გათავისუფლებები უკავშირდება პერსონალის მცდელობას, შექმნან პროფკავშირი. მიუხედავად იმისა, რომ ფონდი ამ ბრალდებას უარყოფს, რედაქტორთა ნაწილი უკვე ხელს აწერს პეტიციას სოლიდარობის ნიშნად. 700-ზე მეტი რედაქტორი, რომლებიც პლატფორმის კონტენტის დიდ ნაწილს ქმნიან, მზადაა გაფიცვისთვის.
„თუ მოხალისეების კრიტიკული მასა მუშაობას შეწყვეტს, ვიკიპედია სწრაფად დეგრადირდება“, — აცხადებს ფონდის ყოფილი თანამშრომელი. გაფიცვის სცენარი გულისხმობს რედაქტორების მიერ ყოველდღიური მუშაობის შეჩერებას, რაც პლატფორმის კონტენტის მოძველებას და ვანდალიზმის მატებას გამოიწვევს.
ვიკიპედიის გაჩერება არ იქნება მხოლოდ ერთი საიტის პრობლემა — ეს იქნება კატასტროფა მთელი კაცობრიობისთვის, რადგან საიტი ხელოვნური ინტელექტის მოდელების მთავარ წყაროს წარმოადგენს.
ამჟამად, რედაქტორები განიხილავენ საპროტესტო ფორმებს, მათ შორის დონაციების ბანერების დაბლოკვას, რაც პირდაპირ დაარტყამს ფონდის ფინანსებს. მოლაპარაკებები და კონსენსუსის ძიება გრძელდება, თუმცა ნდობა ფონდსა და საზოგადოებას შორის მნიშვნელოვნად არის შერყეული.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.