მადრიდში, ჩამბერის პრესტიჟულ უბანში მდებარე Palacete-ის შენობა ბრიტანული საბჭოსთვის უკვე 70 წელია კულტურულ ჰაბს წარმოადგენს. ყოველწლიურად აქ 5 000-მდე სტუდენტი სწავლობს ინგლისურს და აბარებს გამოცდებს. თუმცა, ორგანიზაციის მიერ შენობის გაყიდვის გადაწყვეტილებამ თანამშრომლების მწვავე პროტესტი გამოიწვია.

მადრიდში დასაქმებული 320 ადამიანი გაურკვევლობაშია. უცნობია, სად გადაინაცვლებს ოფისი, რაც დასაქმებულებს სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშს უჩენს. მსგავსი ბედი შესაძლოა ბარსელონაში მდებარე ფილიალსაც ეწიოს.

სტრუქტურული რეფორმები თუ „სიკვდილის სპირალი“?

ბრიტანული საბჭოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მსგავსი რადიკალური ზომების გარეშე, ორგანიზაცია, რომელიც გავლენის მოხდენის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია, შესაძლოა „ათწლეულის განმავლობაში გაქრეს“. კრიზისის მთავარი მიზეზი 197 მილიონი ფუნტის ოდენობის ვალია, რომელიც ორგანიზაციამ პანდემიის დროს, ბრიტანეთის მთავრობისგან საგანგებო სესხის სახით აიღო.

ვითარება დაძაბულია მთელი ევროპის მასშტაბით. იტალიაში თანამშრომლებმა საყოველთაო გაფიცვა გამართეს. იქ არსებული გეგმით, 80-წლიანი მუშაობის შემდეგ, ინგლისური ენის სწავლება უნდა შეწყდეს, რაც 130-დან 108 სამუშაო ადგილის გაუქმებას ნიშნავს.

ბრიტანული საბჭო არ ცდილობს ამ შემცირებების განხორციელებას, მათ ამას სახაზინო ვალდებულებები აიძულებს, - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერი ნილ კინოკი.

ნდობის კრიზისი და „კოლონიური დამოკიდებულება“

თანამშრომლები მენეჯმენტის მიმართ უკმაყოფილებას საჯაროდ გამოხატავენ. ესპანეთის ოფისის 560 თანამშრომლიდან 298-მა ხელმძღვანელობისადმი უნდობლობის წერილი მოამზადა. ისინი აკრიტიკებენ ცენტრალიზებულ გადაწყვეტილებებს და აცხადებენ, რომ ლონდონიდან მიღებული დირექტივები ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე ხორციელდება.

პროფკავშირების წარმომადგენელი სტიუარტ ანდერსონი მენეჯმენტის მიდგომას „კოლონიურ დამოკიდებულებას“ უწოდებს, სადაც დევიზია „ლონდონმა ყველაფერი უკეთ იცის“. მისი თქმით, ორგანიზაცია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რბილი ძალის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად ითვლებოდა, ახლა „სიკვდილის სპირალშია“.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული საბჭოს სპიკერი აცხადებს, რომ ისინი კვლავ ერთგულნი რჩებიან ევროპასთან კავშირების გაძლიერების, თანამშრომლები შიშობენ, რომ საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ხორვატიისა და ავსტრიის ოფისები შესაძლოა მომავალში ანალოგიური ბედის წინაშე აღმოჩნდნენ.