საჰარის უდაბნოში, ნიგერის ჩრდილოეთ ნაწილში, სულ მცირე 49 ადამიანი წყურვილით დაიღუპა. ტრაგედია მას შემდეგ მოხდა, რაც მგზავრებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გზაში გაფუჭდა და მგზავრები უწყლოდ დარჩნენ.
ჯგუფი მალიდან ბრუნდებოდა, სადაც ისინი მუსლიმურ დღესასწაულს, ყურბან-ბაირამს (Eid al-Adha) აღნიშნავდნენ. ავტომობილი ასამაკადან, ნიგერისა და ალჟირის საზღვარზე მდებარე საკვანძო პუნქტიდან, დასავლეთით 80 კილომეტრში გაჩერდა.
აგადეზის გუბერნატორის განცხადებით, მოგზაურები მტრულ გარემოში აღმოჩნდნენ, სადაც ექსტრემალური ტემპერატურა და წყლის მომარაგების პუნქტების არარსებობა გადარჩენას თითქმის შეუძლებელს ხდის. მხოლოდ ორმა ადამიანმა შეძლო ფეხით უდაბნოს გადაკვეთა და ასამაკამდე მიღწევა, სადაც მათ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობეს მომხდარის შესახებ.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჩეჰუო აზიზო, BBC-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები რეგიონისთვის უცხო არ არის. მისი თქმით, ორგანიზაცია წლებია მუშაობს მძღოლებისა და მიგრანტების ინფორმირებაზე უდაბნოს გადაკვეთის რისკების შესახებ, თუმცა ლიბიისა და ალჟირისკენ მიმავალ გზებზე მსგავსი ტრაგედიები კვლავ ხდება.
გამოძიების თანახმად, სატვირთო ავტომობილი მალის ქალაქ ტელჰანდეკიდან გამოვიდა, თუმცა დაგეგმილი მარშრუტიდან გადაუხვია. მგზავრებმა და მძღოლმა ავტომობილის შეკეთება რამდენიმე დღის განმავლობაში სცადეს, თუმცა უშედეგოდ.
სამაშველო ჯგუფებმა უძრავი სატვირთო ავტომობილის ქვეშ და მის მიმდებარედ ათობით უსულო სხეული იპოვეს.
ნიგერის მოქალაქეები, რომლებიც ტრაგედიის მსხვერპლნი გახდნენ, ადგილზევე, მასობრივ საფლავებში დაკრძალეს. სამაშველო ოპერაციის დროს, სამხედროებმა და ადგილობრივმა მუშაკებმა შემთხვევით კიდევ ერთი გაფუჭებული ავტომობილი იპოვეს, რომელშიც 60-ზე მეტი ადამიანი სამი დღის განმავლობაში იყო ჩარჩენილი.
მეორე ჯგუფს, რომელიც მალის ქალაქ ჰაროუბადან მოდიოდა, აკუმულატორის პრობლემა შეექმნა. სამაშველო ჯგუფმა მათ წყალი მიაწოდა და ავტომობილის შეკეთებაში დაეხმარა, რამაც მგზავრებს გზის გაგრძელების საშუალება მისცა.
ნიგერის უდაბნო დასავლეთ აფრიკიდან ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების მთავარ სატრანზიტო დერეფნად რჩება. მიუხედავად სასიკვდილო საფრთხისა, ათასობით ადამიანი კვლავ ცდილობს ამ გზის გავლას უკეთესი ცხოვრების საძიებლად.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.