ავსტრალიის ფედერალურმა პოლიციამ 34 წლის ქალი დააკავა, რომელიც სირიიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIL) მხარდაჭერაში ამხილეს. ბრალდებული მელბურნის სასამართლოს წინაშე წარდგება.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული სირიაში 2013 ან 2014 წელს გაემგზავრა. 2019 წელს ის ქურთულმა ძალებმა აიყვანეს, რის შემდეგაც ოჯახთან ერთად ალ-ჰოლის ბანაკში იმყოფებოდა.

ბრალდებები და სასჯელი

სამართალდამცველების თქმით, ქალს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და ავსტრალიის მიერ გამოცხადებულ კონფლიქტურ ზონაში უკანონოდ შესვლას ედავებიან. ფედერალური პოლიციის ასისტენტ-კომისარ ჰილდა სირეკის განცხადებით, თითოეულ ამ მუხლს 10 წლამდე პატიმრობა ითვალისწინებს.

ეს შემთხვევა იმ ფართო გამოძიების ნაწილია, რომელიც სირიის ბანაკებიდან დაბრუნებული ავსტრალიის მოქალაქეების მიმართ მიმდინარეობს. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა ზრდასრული რეპატრიანტი კვლავ გამოძიების ქვეშ რჩება.

მზარდი გამოძიებები

მიმდინარე თვეში სირიის როჯის ბანაკიდან ავსტრალიაში მოქალაქეების ახალი ჯგუფი დაბრუნდა. მათ შორის სამ ქალს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებული ბრალდებები წაუყენეს. პოლიციამ ასევე დააკავა დედა-შვილი, კავსარ და ზეინაბ აჰმადები, რომლებსაც მონობის ხელშეწყობას ედავებიან.

კიდევ ერთ დაბრუნებულს, ჯანაი საფარს, ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანება და საომარ ზონაში შესვლა აქვს ბრალად წაყენებული. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ჯგუფი უკანასკნელი ავსტრალიელები არიან, რომლებიც როჯის ბანაკში იმყოფებოდნენ.

„ის ფაქტი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბრალი არ წაგვეყენებინა, არ ნიშნავს, რომ გამოძიება შეწყდა“, - განაცხადა ჰილდა სირეკმა.

ავსტრალიაში რეპატრიაციის საკითხი მწვავე პოლიტიკური დებატების საგანია. პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზმა განაცხადა, რომ მთავრობას მათი დაბრუნებისთვის ხელი არ შეუწყვია და აღნიშნა: „როგორც დაგიგებთ, ისე დაგხვდებათო“.

უფლებადამცველი ჯგუფები კი აცხადებენ, რომ ავსტრალიამ უნდა დაიცვას მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უფლება. მათი თქმით, განსაკუთრებით ბავშვები არ უნდა აგებდნენ პასუხს მშობლების ქმედებებზე.