ავსტრალიელი რადიოწამყვანი კაილ სენდილენდსი ყოფილ დამსაქმებელს, ARN Media-ს, სასამართლო დავის დასრულების სანაცვლოდ 12 მილიონ ავსტრალიურ დოლარს (დაახლოებით 8.5 მილიონი აშშ დოლარი) გამოართმევს. მხარეებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ სენდილენდსის 10-წლიანი, 100-მილიონიანი კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა.
სენდილენდსი, რომელიც წლების განმავლობაში პოპულარულ შოუს „Kyle and Jackie O Show“ უძღვებოდა, მარტში სამსახურიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებას წინ უძღოდა ეთერში მომხდარი დაპირისპირება მის თანაწამყვან ჯეკი ჰენდერსონთან, რომელმაც სენდილენდსი ბულინგში დაადანაშაულა.
კონფლიქტის დეტალები
დაპირისპირება 20 თებერვალს, პირდაპირ ეთერში დაიწყო. შვიდწუთიანი მონოლოგის დროს სენდილენდსმა ჰენდერსონი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თანაწამყვანი თავის საქმეს სათანადოდ არ ასრულებდა. მან ჰენდერსონის დაინტერესება ასტროლოგიითა და ჰოროსკოპებით სამუშაო პროცესის შეფერხების მიზეზად დაასახელა.
სენდილენდსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ თანაწამყვანს ბოდიში მოუხადა, თუმცა კომპანიამ მას ჰენდერსონთან ან შოუს სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი აუკრძალა. მისი თქმით, მან ARN Media-ს შესთავაზა სხვა წამყვანთან მუშაობის გაგრძელება, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობა ამ წინადადებით არ დაინტერესებულა.
მორიგების პირობები
ოთხშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანიამ, რომელმაც თავდაპირველად სენდილენდსი „სერიოზულ გადაცდომაში“ დაადანაშაულა, თანხმობა განაცხადა 12.09 მილიონი ავსტრალიური დოლარის გადახდაზე. კომპენსაციის გარდა, სენდილენდსი მომდევნო სამი წლის განმავლობაში 1.5 მილიონი დოლარის ღირებულების სარეკლამო დროს მიიღებს.
შეთანხმების თანახმად, სენდილენდსს მომავალი წლის მარტამდე ეკრძალება ARN Media-ს კონკურენტ კომპანიებში მუშაობა. გარდა ამისა, მედიაკომპანია სენდილენდსის შემდეგი პროექტებიდან შემოსავლის 19.9%-ს სამი წლის განმავლობაში მიიღებს.
რა ელის ჯეკი ჰენდერსონს?
აღსანიშნავია, რომ ჯეკი ჰენდერსონი, რომელიც სენდილენდსთან ერთად 27 წლის განმავლობაში მუშაობდა, თავადაც უჩივის ARN Media-ს კონტრაქტის გაუქმების გამო. ჰენდერსონი, რომელმაც კონფლიქტის შემდეგ შვებულება აიღო, აცხადებს, რომ სენდილენდსთან მუშაობას ვეღარ გააგრძელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კომპანიაში არსებობდა შიდა დაძაბულობა შოუს მაღალი ბიუჯეტის გამო, რადგან ვარსკვლავების ძვირადღირებული კონტრაქტების გამო სხვა გამოცდილი თანამშრომლების შემცირება გახდა საჭირო. ანალიტიკოსები ასევე მიუთითებენ, რომ პროგრამის სიდნიდან მელბურნში გაფართოების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც შესაძლოა, შოუს დახურვის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.