დუბაის მმართველის ნათესავის ყოფილი მეუღლე, ზენაბ ჯავადლი, სამართალდამცავებმა დააკავეს. ინფორმაციას დუბაის პროკურატურა ადასტურებს. დაკავება უკავშირდება სამი მცირეწლოვანი შვილის მეურვეობისთვის მიმდინარე მწვავე დავას.

ოფიციალური უწყების განცხადებით, ჯავადლის დაკავება მისი ყოფილი მეუღლის, შეიხ საიდ ბინ მაქთუმ ბინ რაშიდ ალ მაქთუმის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე მოხდა. ყოფილი მეუღლე ამტკიცებს, რომ ქალმა ბავშვები სასამართლოს მიერ ნებადართული მონახულების დროს „გაიტაცა“.

ჯავადლის ოჯახი და ახლობლები მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას სამშაბათი ღამიდან ვეღარ იღებდნენ. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ყოფილი სპორტსმენი სახლიდან იშვიათად გადიოდა, რადგან შიშობდა, რომ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მის შვილებს წაართმევდნენ.

გასულ წელს შეიხმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა, სადაც ჯავადლის ბავშვების გატაცებაში დასდო ბრალი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბავშვები მშობლებს შორის რამდენჯერმე გადავიდნენ და თითოეული მხარე მეორეს გატაცების მცდელობაში ადანაშაულებდა.

ჯავადლის წინააღმდეგ, შესაძლოა, დამატებითი ბრალდებებიც წაყენონ. საქმე ეხება ე.წ. „ელექტრონულ დანაშაულებს“, რაც გასულ წელს მომხდარი დაპირისპირების პირდაპირ ეთერში გაშვებას უკავშირდება. მაშინ ჯავადლიმ განაცხადა, რომ ეს მისი ბოლო შანსი იყო დახმარება ეთხოვა, რადგან შიშობდა, რომ შვილებს ვეღარასდროს ნახავდა.

შეიხ საიდის იურისტები სასამართლოში ამტკიცებენ, რომ ჯავადლი „არაკომპეტენტური დედაა“. ბრალდებებს შორისაა ბავშვების სკოლაში არგაშვება და საცხოვრებელი პირობების შეუსაბამობა. პროკურატურის თქმით, გამოძიება გრძელდება და ისინი „ბავშვთა კეთილდღეობის დაცვას“ აპირებენ.

ადამიანის უფლებათა დამცველი ბრიტანელი იურისტი დევიდ ჰეიგი, რომელიც ჯავადლის ინტერესებს იცავს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოუწოდებს, დაკავებულს ადვოკატთან, ოჯახთან და საკონსულოსთან წვდომა დაუყოვნებლივ მისცენ.