სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პოლიციის მაღალჩინოსანთა კორუფციულ საქმეებზე გამოძიება სულ უფრო მწვავდება. პროცესი, რომელსაც ადგილობრივები პოპულარული კრიმინალური სერიალის სეზონებს ადარებენ, უკვე მეორე ეტაპს ასრულებს. მოსამართლე მბუისელი მადლანგას ხელმძღვანელობით შექმნილმა კომისიამ პრეზიდენტ სირილ რამაფოსას მორიგი შუალედური ანგარიში უკვე გადასცა.

„საჩუქრები“ და პოლიციური ქაოსი

გამოძიების ფარგლებში არაერთი სკანდალური დეტალი გამოიკვეთა. პოლიციის ბრიგადირმა რეიჩელ მატჯენგმა კომისიის წინაშე ჩვენება მისცა, სადაც დაადასტურა რომანტიკული ურთიერთობა ბიზნესმენ ვუსიმუზი „კატ“ მატლალასთან. მატლალა, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია, ბრალდებულია ნარკოტიკების ტრეფიკინგსა და შეკვეთილ მკვლელობებში.

მატჯენგი უარყოფს მისთვის ქრთამის სახით ძვირადღირებული ესთეტიკური პროცედურების გადახდას, თუმცა აღიარებს, რომ პარტნიორისგან საჩუქრად წონის დასაკლებ პრეპარატ „ოზემპიკს“ იღებდა. თავად მატლალა, რომელსაც მედია „დიდი ხუთეულის“ ნარკოკარტელის ლიდერად მოიხსენიებს, ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

გაუჩინარებული ნარკოტიკები

გამოძიების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი 2021 წელს ჩატარებულ ორ საეჭვო ნარკორეიდზე კეთდება. მაშინ პოლიციამ ჯამში ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო, თუმცა მოგვიანებით ნარკოტიკების ნაწილი პოლიციის დაცული შენობებიდან გაუჩინარდა. მაღალჩინოსნების განცხადებით, ეს დამთხვევა არ ყოფილა და საქმე „შიგნიდან“ იყო ორგანიზებული.

ერთ-ერთ ეპიზოდში, ანალიტიკოსმა ოფიცერმა მარუმო მაგანემ აღიარა, რომ ნარკოტიკების ამოღებისას სრულიად მოუმზადებელი იყო და არ გააჩნდა საგამოძიებო მუშაობის გამოცდილება. მან ჩაიდინა მთელი რიგი პროცედურული შეცდომები, რამაც საბოლოოდ მტკიცებულებების დაკარგვა ან დაზიანება გამოიწვია. კომისიის თავმჯდომარემ მას პირდაპირ უთხრა: „თქვენ წარმოდგენა არ გქონდათ რას აკეთებდით“, რაზეც ოფიცერმა თანხმობით უპასუხა.

მომავალი ნაბიჯები

კომისიის მესამე, დასკვნითი ეტაპი მომდევნო თვეში დაიწყება. საზოგადოება განსაკუთრებით ელოდება ვუსიმუზი მატლალას ჩვენებას, რომელიც, სავარაუდოდ, ბრალდებებზე პასუხს სწორედ საბოლოო მოსმენების დროს გასცემს. მანამდე კი, გამოძიების მასალებზე დაყრდნობით, სამართალდამცავებმა უკვე დაიწყეს კონკრეტული პირების დაკავება.