აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს (BLS) მონაცემებით, მაისში ქვეყნის ეკონომიკამ 172 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ზრდა ძირითადად ჰოსპიტალითის, ადგილობრივი მმართველობისა და ჯანდაცვის სექტორებზე მოდის.

აღნიშნული დინამიკა პირდაპირ კავშირშია ზაფხულში დაგეგმილ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატთან, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა ერთობლივად მასპინძლობენ. ბიზნესები, განსაკუთრებით კვებისა და სასმელების სექტორში, გულშემატკივრების მოსალოდნელ ნაკადს ემზადებიან.

ნიუ-იორკში მდებარე რესტორან The Red Lion-ის მფლობელი რეჰან ალამი ჰყვება, რომ ჩემპიონატის მოლოდინში დამატებით შვიდი ბარმენი აიყვანა. მისი თქმით, ოთხი წლის წინ ყატარში გამართულმა ტურნირმა მოლოდინს გადააჭარბა, წლევანდელი მასპინძლობა კი, როდესაც მატჩები მეზობელ ნიუ-ჯერსიშიც ჩატარდება, ბიზნესისთვის კიდევ უფრო მასშტაბურ ბიძგს წარმოადგენს.

„ხარჯები მკვეთრად გაიზარდა, ენერგომატარებლების ფასებიდან დაწყებული სხვადასხვა გადასახადებით დამთავრებული“, — აცხადებს ალამი, რომელიც იძულებული გახდა ინფრასტრუქტურაც გაეუმჯობესებინა და შვიდი ახალი ტელევიზორი დაემონტაჟებინა.

BLS-ის თანახმად, მაისში მხოლოდ ჰოსპიტალითის სექტორში 70 000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა, საიდანაც 48 000 კვებისა და სასმელების ბიზნესზე მოდის. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება გასული წლის საშუალო თვიურ ზრდას, რომელიც 14 000-ს შეადგენდა.

ეკონომიკური აქტიურობის მიუხედავად, სექტორში არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი. ბილეთების მაღალი ფასების გამო, გულშემატკივრების მხრიდან უკმაყოფილება იზრდება, რასაც ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის გენერალური პროკურორების მხრიდან ფიფას საქმიანობის გამოძიება მოჰყვა. არსებობს რისკი, რომ მაღალი ფასების გამო, ტურნირმა მოლოდინზე ნაკლები ეკონომიკური ეფექტი მოიტანოს.

ამასთან, ეკონომიკური სურათი არაერთგვაროვანია. ფინანსურ სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირდა, ხოლო უმუშევრობის დონე 4.3%-ზე შენარჩუნდა. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ძლიერი დასაქმების მაჩვენებლებისა, რეალური შემოსავლების კლება და მაღალი ინფლაცია, რომელიც ენერგომატარებლების ფასების ზრდითაა გამოწვეული, შინამეურნეობებზე ზეწოლას ახდენს.