ბიტკოინი (BTC) იმ რისკის წინაშეა, რომ გააბათილოს ირანთან დაკავშირებული დაძაბულობის განმუხტვის შემდეგ მიღწეული ზრდა. კრიპტოვალუტა შესაძლოა კვლავ 60 000 დოლარის ფსიქოლოგიურ ზღვარს დაუბრუნდეს, რაც იაპონიის ცენტრალური ბანკის (BoJ) მიერ საპროცენტო განაკვეთის ბოლო 30 წლის მაქსიმუმამდე გაზრდას უკავშირდება.

16 ივნისს იაპონიის მარეგულირებელმა მოკლევადიანი პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 1%-მდე გაზარდა. ეს გადაწყვეტილება ენერგომატარებლების გაძვირებითა და ახლო აღმოსავლეთში მიწოდების ჯაჭვების შეფერხებით გამოწვეულ ინფლაციურ რისკებს უკავშირდება.

ისტორიული მონაცემები მოწმობს, რომ იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთების ზრდის მომდევნო 30 დღის განმავლობაში ბიტკოინი საშუალოდ 5,74%-ით უფასურდება. გასული წლების განმავლობაში, ბაზარი მსგავს ცვლილებებზე მტკივნეულად რეაგირებდა: 2024 წლის ივლისში ვარდნამ 10,89%, ხოლო 2025 წლის იანვარში 14,77% შეადგინა.

თუ ისტორიული ტენდენცია კვლავ განმეორდება, ბიტკოინის ფასი 62 700-დან 56 700 დოლარის დიაპაზონში შეიძლება მოექცეს. ანალიტიკოსების ნაწილი მიუთითებს, რომ 2024 წლის მარტის შემდეგ, იაპონიის მსგავსი გადაწყვეტილებების ფონზე, ბიტკოინმა 26%-დან 38%-მდე კლება განიცადა.

Bitwise-ის ევროპული კვლევების ხელმძღვანელის, ანდრე დრაგოშის თქმით, იაპონიის ცენტრალური ბანკის გამკაცრების ციკლები ისტორიულად აშშ-ის რეცესიის პერიოდებს ემთხვეოდა. იაპონია წლების განმავლობაში იყო „იაფი ფულის“ წყარო გლობალური ბაზრებისთვის.

როდესაც იაპონიაში განაკვეთები ნულთან ახლოს იყო, ტრეიდერები იენს დაბალ პროცენტში სესხულობდნენ და კაპიტალს მაღალი რისკის აქტივებში, მათ შორის კრიპტოვალუტებში აბანდებდნენ. განაკვეთის ზრდასთან ერთად, ეს სტრატეგია ნაკლებად მიმზიდველი ხდება.

შედეგად, ინვესტორები სესხით დაფინანსებულ პოზიციებს ხურავენ, რაც ბიტკოინის მსგავს აქტივებზე უარყოფითად აისახება. ამ ეტაპზე ბაზრის მონაწილეები სიფრთხილეს იჩენენ, რადგან გლობალური ლიკვიდურობის პირობები რისკიანი აქტივებისთვის არასახარბიელო ხდება.