აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს. საფრანგეთში, ევიანში მიმდინარე G7-ის სამიტზე ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთმა „გარიგება უნდა დადოს“ ოთხწლიანი კონფლიქტის შესაწყვეტად.
ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები, რომელთაც ორივე მხარეს უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კვირას უკვე ესაუბრა.
საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრა დაგეგმილზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, რის შემდეგაც აშშ-ის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მზადაა, მაქსიმუმი გააკეთოს ომის დასასრულებლად.
„ეს იყო ომი, რომელიც მეგონა, ყველაზე ადვილად მოგვარდებოდა, თუმცა ლიდერებს შორის არსებული დიდი უარყოფითი დამოკიდებულება პროცესს აფერხებს“, — განაცხადა ტრამპმა. მანამდე, პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირება ერთ დღეში შეუძლია.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ სამიტი დატვირთულია. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და დიპლომატიური გზით რუსეთის იძულებაა, ომი დაასრულოს.
G7-ის სამიტზე, რომელსაც საფრანგეთი მასპინძლობს, ევროპელი ლიდერები აშშ-ს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების ტვირთს ამჟამად თითქმის სრულად ევროპელები ეწევიან და საჭიროა ვაშინგტონის აქტიური ჩართულობა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს პაკეტი უკრაინის საჭიროებების ორ მესამედს ფარავს 2027 წლამდე. დარჩენილი ნაწილის დასაფარად კი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის, მხარდაჭერაა აუცილებელი.
მიუხედავად დიპლომატიური მცდელობებისა, ექსპერტები და პოლიტიკოსები, მათ შორის უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, G7-ის სამიტისგან გარღვევას არ ელიან. კულებას თქმით, ტრამპთან მოლაპარაკებები პერსონალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რაც პროცესს განსაკუთრებით რთულს ხდის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.