აშშ-ის უმსხვილესმა საკლირინგო და სადეპოზიტო ორგანიზაციამ (DTCC) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საკუთარ ტოკენიზებულ პლატფორმას Stellar-ის (XLM) ქსელთან დააკავშირებს. ეს გადაწყვეტილება „უოლ სტრიტის“ მასშტაბურ სტრატეგიას წარმოადგენს, რომლის მიზანიც ტრადიციული ფინანსური აქტივების ბლოკჩეინ-ინფრასტრუქტურაზე გადატანაა.
რა იცვლება ფინანსურ ბაზრებზე?
DTCC-სა და Stellar Development Foundation-ის ინფორმაციით, ტოკენიზებული აქტივები, რომლებიც ამჟამად DTCC-ის მფლობელობაშია, 2027 წლის პირველ ნახევარში გახდება ხელმისაწვდომი Stellar-ის ქსელში. ეს ინტეგრაცია მხარს დაუჭერს ტრადიციული ფასიანი ქაღალდების ციფრული ვერსიების გამოშვებას, ანგარიშსწორებასა და მათ სასიცოცხლო ციკლის მართვას.
კომპანიები ასევე გეგმავენ „მაღალი ლიკვიდობის მქონე აქტივების“ შესწავლას, მათ შორის ისეთი ინსტრუმენტების, როგორიცაა ძირითადი საფონდო ინდექსები და აშშ-ის სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებები.
რატომ არის ტოკენიზაცია მნიშვნელოვანი?
ტოკენიზაცია — ტრადიციული აქტივების (აქციები, ობლიგაციები, ფონდები) ბლოკჩეინზე წარმოდგენა — ფინანსურ სექტორში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებად იქცა. ექსპერტების აზრით, ბლოკჩეინზე დაფუძნებულმა ფასიანმა ქაღალდებმა შესაძლოა შეამციროს ანგარიშსწორების დრო, გაათავისუფლოს უზრუნველყოფის კაპიტალი და ბაზრებს სტანდარტული სამუშაო საათების მიღმა ფუნქციონირების საშუალება მისცეს.
მრავალქსელიანი სტრატეგია
DTCC-ის ხელმძღვანელის, ფრენკ ლა სალას განცხადებით, ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი ნაბიჯია ღია, ურთიერთთავსებადი ციფრული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, რომელიც ტრადიციულ და ციფრულ ბაზრებს აერთიანებს. ორგანიზაცია, რომელიც 114 ტრილიონ დოლარზე მეტ აქტივს ზედამხედველობს, აქტიურად მუშაობს „მრავალქსელიან“ მოდელზე, რათა ტოკენიზებული აქტივები არ იყოს მიჯაჭვული მხოლოდ ერთ პლატფორმას.
ცნობისთვის, DTCC-მ მიმდინარე თვეში დააანონსა, რომ ივლისიდან იწყებს ტოკენიზებული აქტივებით შეზღუდულ ვაჭრობას, ოქტომბერში კი მასშტაბურ გაშვებას გეგმავს. ეს ნაბიჯი ეფუძნება აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) მიერ 2025 წლის დეკემბერში გაცემულ ნებართვას, რომელიც DTCC-ს უფლებას აძლევს ტოკენიზაცია გაუკეთოს ისეთ აქტივებს, როგორებიცაა Russell 1000-ის ინდექსის აქციები და ETF-ები.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.