ესპანეთის ხელისუფლებამ რადიკალური ნაბიჯი გადადგა გლობალური პროგნოზების ბაზრების წინააღმდეგ. სამომხმარებლო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გახსნა დისციპლინური წარმოება Polymarket-ისა და Kalshi-ის წინააღმდეგ და ინტერნეტ პროვაიდერებს ორივე პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვა დაავალა.
ქვეყნის აზარტული თამაშების მარეგულირებელმა ორგანომ (DGOJ) განაცხადა, რომ აღნიშნული კომპანიები ესპანეთის კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებენ. მათ არ გააჩნიათ შესაბამისი ლიცენზია იმ პროდუქტების გასაშვებად, რომლებიც მომავალ გაურკვეველ მოვლენებზე ფსონების დადებას გულისხმობს.
რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება?
ესპანელი ჩინოვნიკების თქმით, ბლოკირება პრევენციული ხასიათისაა და საქმის წარმოების დასრულებამდე გაგრძელდება. პროცესი სავარაუდოდ სამიდან ოთხ თვემდე გასტანს. მარეგულირებელმა განმარტა, რომ ფსონების დადება არასტანდარტულ მოვლენებზე, მაშინაც კი, თუ ეს კრიპტოვალუტის ან ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით ხდება, მაინც აზარტული თამაშების კატეგორიას მიეკუთვნება.
ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ულიცენზიო ოპერატორებს არ აქვთ დანერგილი მომხმარებელთა იდენტიფიკაციის სათანადო სისტემები, არ იცავენ არასრულწლოვნებს და არ გააჩნიათ თვითშეზღუდვის მექანიზმები, რაც სტანდარტულ აზარტულ თამაშებში სავალდებულოა.
გლობალური ტენდენცია
ესპანეთი შეუერთდა იმ ქვეყნების მზარდ სიას, რომლებიც პროგნოზების ბაზრებს ზღუდავენ. Polymarket-ი და Kalshi ამ სფეროში დომინანტური მოთამაშეები არიან. DeFiLlama-ს მონაცემებით, ბოლო 30 დღის განმავლობაში Kalshi-ის სავაჭრო ბრუნვამ 5.9 მილიარდი დოლარი, ხოლო Polymarket-მა 3.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
აღნიშნული ორი პლატფორმა ბაზრის თითქმის 88%-ს აკონტროლებს. მიუხედავად ამისა, მათ მიმართ რეპრესიული ზომები სხვა ქვეყნებშიც გატარდა:
- ინდონეზიამ და ინდოეთმა Polymarket-ი ონლაინ აზარტული თამაშების რეგულაციების საფუძველზე დაბლოკეს.
- ტაივანი, ტაილანდი, ჩინეთი და იაპონია ასევე ზღუდავენ პლატფორმის გამოყენებას.
- უკრაინამ პლატფორმაზე წვდომა სრულად და სამუდამოდ შეზღუდა.
- ბელგიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში პლატფორმაზე წვდომა ასევე აკრძალულია.
აღსანიშნავია, რომ Kalshi-მ აშშ-ში განსხვავებული გზა აირჩია და საქმიანობას აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) ზედამხედველობის ქვეშ ახორციელებს, თუმცა იქაც ხშირად ხდება მარეგულირებლების სამიზნე.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.