სტეიბლკოინების უმსხვილესმა ემიტენტმა, Tether-მა, ოფიციალურად გამოაცხადა Alloy by Tether-ისა და მისი ოქროთი უზრუნველყოფილი, ზედმეტად კოლატერალიზებული სტეიბლკოინის, aUSDT-ის დახურვის შესახებ. პროექტი, რომელიც ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა, კომპანიის სტრატეგიული გადაჯგუფების ფარგლებში წყდება.

რატომ თმობს Tether aUSDT-ს?

Tether-ის განცხადებით, ცვლილებები მომხმარებელთა აქტივობის, ბაზრის მოთხოვნისა და კომპანიის გრძელვადიანი პრიორიტეტების ანალიზის შემდეგ გახდა საჭირო. კომპანია აპირებს რესურსები მიმართოს იმ მიმართულებებით, სადაც მაღალი ლიკვიდობა და სტაბილური მოთხოვნა ფიქსირდება.

მათ შორის პრიორიტეტად რჩება ოქროთი უზრუნველყოფილი ციფრული აქტივი XAUT და ეკოსისტემის სხვა ძირითადი პროდუქტები. Tether-ის წარმომადგენლების თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ბაზრის იმ სეგმენტებზე ფოკუსირება, რომლებსაც უფრო ფართო პერსპექტივა გააჩნიათ.

როგორ მოხდება დახურვის პროცესი?

პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა: მომხმარებლებს ახალი პოზიციების გახსნა და ახალი aUSDT-ის მინტინგი აღარ შეუძლიათ. დაინტერესებულ პირებს 2026 წლის 17 სექტემბრამდე აქვთ ვადა, რათა დააბრუნონ თავიანთი aUSDT და დაიბრუნონ XAUT-ის სახით დაგირავებული აქტივები.

Alloy by Tether-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.2 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ის 14.73 კილოგრამი ოქროთია უზრუნველყოფილი.

Tether-ის მზარდი ამბიციები

მიუხედავად იმისა, რომ სტეიბლკოინები კომპანიის ბირთვად რჩება, Tether აქტიურად ინტერესდება სხვა ტექნოლოგიური სფეროებით. კომპანია ინვესტიციებს დებს ბიტკოინის მაინინგში, ხელოვნურ ინტელექტში, ღრუბლოვან გამოთვლებსა და რობოტოტექნიკაში. ცოტა ხნის წინ, Tether-მა გერმანული ტექნოლოგიური კომპანია NEURA-ს მილიარდდოლარიან დაფინანსების რაუნდს უხელმძღვანელა.

შეგახსენებთ, რომ Tether-მა მიმდინარე წელს უკვე შეწყვიტა რამდენიმე პროექტი, მათ შორის ჩინური იუანის (CNHT) და ევროს (EURT) სტეიბლკოინები, რამაც კომპანიას საშუალება მისცა, რესურსები უფრო პერსპექტიულ პროექტებზე გადაენაწილებინა.