ვიეტნამის ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) საშუალებას მისცემს, საბანკო სესხების უზრუნველსაყოფად ციფრული აქტივები, ვირტუალური ვალუტები და ინტელექტუალური საკუთრება გამოიყენონ. ცვლილება „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ“ კანონის პროექტის ნაწილია, რომელიც უკვე წარედგინა საზოგადოებას განსახილველად.

დღეისთვის ვიეტნამში მცირე ბიზნესი და საოჯახო მეურნეობები ქვეყნის საწარმოთა 98%-ზე მეტს შეადგენს. თუმცა, მათზე გაცემული სესხები მთლიანი საბანკო კრედიტების მხოლოდ 20%-ს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ამ დისბალანსს განაპირობებს შესაბამისი გირაოს ნაკლებობა და მცირე კაპიტალი.

ბევრი სტარტაპი და ტექნოლოგიური კომპანია ფლობს ღირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას ან პატენტებს, თუმცა მათ არ გააჩნიათ მიწა ან ფიზიკური აქტივები, რომლებსაც ბანკები ტრადიციულად გირაოდ ითხოვენ. ახალი რეგულაცია ამ ბარიერის მოხსნას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, კანონპროექტი მოუწოდებს ფინანსურ ინსტიტუტებს, სესხების გაცემისას ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ მყარ აქტივებზე, არამედ ბიზნესგეგმებზე, ფულად ნაკადებსა და ბაზრის პოტენციალზე. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს მწვანე ენერგეტიკისა და მდგრადი ეკონომიკური პროექტებისთვის.

ვიეტნამი მსოფლიოში კრიპტოვალუტის მიღების მაჩვენებლით ერთ-ერთი ლიდერია და Chainalysis-ის 2025 წლის მონაცემებით, მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყანა აქტიურად ემზადება რეგულირებადი კრიპტობაზრის გასახსნელად, რაც, ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შესაძლოა 2026 წლის მესამე კვარტალში მოხდეს.

უკვე დაწყებულია ლიცენზირების პროცესიც. ქვეყნის პირველი რეგულირებადი ბირჟის გასაშვებად ხუთმა კომპანიამ, მათ შორის Techcombank-ის, VPBank-ისა და LPBank-ის შვილობილმა ორგანიზაციებმა, კვალიფიკაციის პირველი ეტაპი უკვე გადალახეს.