ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მსახიობი, ორგზის ოსკაროსანი კეიტ ბლანშეტი, აკადემიურ სივრცეში ახალ როლს ირგებს. ოქსფორდის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 57 წლის მსახიობი სენტ-კეტრინსის კოლეჯში თანამედროვე თეატრის მიწვეული პროფესორი ხდება.
ბლანშეტი 2026/27 სასწავლო წლის განმავლობაში უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად იმუშავებს, ჩაატარებს ლექციებს და ჩაერთვება აკადემიური საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა მისთვის „შემოქმედებითი დიალოგის“ ახალი შესაძლებლობაა.
„მიწვეული პროფესორის სტატუსი ჩემთვის უნიკალური შესაძლებლობაა, შევიდე პირდაპირ, მძლავრ შემოქმედებით დიალოგში მოაზროვნეებისა და შემოქმედების ახალ თაობასთან“, — აცხადებს მსახიობი. ის ხაზს უსვამს, რომ ხელოვნება საზღვრებს შლის და რეალობის აღქმას აფართოებს.
აღსანიშნავია, რომ მიწვეული პროფესორის პოზიცია ოქსფორდში 1990 წელს დაფუძნდა. ამ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა დროს სტუდენტებს ლექციებს უკითხავდნენ ისეთი გამოჩენილი ხელოვანები, როგორებიც არიან სერ იენ მაკკელენი, დეიმი მაირა საიალი და დეიმი დაიანა რიგი.
პროგრამის დამფუძნებელი, ცნობილი თეატრალური პროდიუსერი სერ კამერონ მაკინტოში აღნიშნავს, რომ მოხარულია ბლანშეტის ამ პოზიციაზე დანიშვნით. მისი თქმით, მსახიობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც თეატრში, ისე კინოინდუსტრიაში, სტუდენტებისთვის შთაგონების უდიდესი წყარო იქნება.
კეიტ ბლანშეტის კარიერა შთამბეჭდავია: მან ორი ოსკარი მიიღო ფილმებისთვის „ავიატორი“ და „სევდიანი ჟასმინი“. მსოფლიო აღიარება კი 1998 წელს, დედოფალ ელისაბედ I-ის როლის შესრულებით მოიპოვა. მას შემდეგ ის მონაწილეობდა ისეთ საკულტო პროექტებში, როგორებიცაა „ბეჭდების მბრძანებელი“, „ქეროლი“ და „ტარი“.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.