91 წლის ასაკში ბრიტანული კულინარიის ვარსკვლავი მერი ბერი ახალ ამპლუაში გვევლინება. მან პირველი წიგნი მებაღეობაზე, სახელწოდებით „My Gardening Life“, გამოსცა. მერი, რომელიც მთელ მსოფლიოში პოპულარული შოუს, „Great British Bake Off“-ის მოსამართლის რანგში გახდა ცნობილი, ამბობს, რომ მისი სიყვარული მიწათმოქმედებისადმი ჯერ კიდევ ბავშვობაში, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაისახა.
ჰეი ფესტივალზე გამოსვლისას, ბერიმ გაიხსენა, რომ იმ პერიოდში ბავშვებს სახლიდან გასვლა ხშირად ეკრძალებოდათ. ბაღი მისთვის ერთადერთ თავშესაფრად იქცა. მამამისი ოჯახისთვის საჭირო პროდუქტებს, მათ შორის კარტოფილს, ბარდასა და ნიახურს, თავად მოჰყავდა. სწორედ მაშინ ისწავლა პატარა მერიმ მოთმინება და მიწის ფასი.
„ჩემთვის ბაღი არის თავშესაფარი“, – ამბობს მერი ბერი. ის ყოველდღიურ რუტინასაც აზიარებს: სახლში დაბრუნებისას პირველი, რასაც აკეთებს, ეზოში გასვლა და მცენარეების შემოწმებაა. თუ მისი მეუღლე მათ მორწყვას დააგვიანებს, ამ საქმეს თავად იღებს საკუთარ თავზე.
მერი ბერი აღიარებს, რომ მისი გზა მებაღეობაში მარტივი არ ყოფილა. პირველ სახლში, ნოტინგ-ჰილში, მის მიერ დარგული მცენარეები ჩრდილის გამო გახმა. თუმცა, მოგვიანებით, ბუკინგემშირში გადასვლის შემდეგ, მან 3.5-აკრიანი ბაღის მოვლა შეძლო, რომელიც წლების განმავლობაში არაერთ ვიზიტორს მასპინძლობდა.
დღეს მერი ბერი ოქსფორდშირში ცხოვრობს. მის ბაღში არის სათბური, აუზი და მაღალი კვლები, სადაც წითელ ხახვს, სალათის ფურცლებსა და სტაფილოს ზრდის. მისი რჩევა დამწყებ მებაღეებს მარტივია: შეისწავლეთ ნიადაგი, დააკვირდით მზის მოძრაობას და ყურადღებით შეარჩიეთ მცენარეები.
კითხვაზე, თუ რატომ არ გეგმავს პენსიაზე გასვლას, 91 წლის ლეგენდა პასუხობს: „მე მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. რატომ უნდა გავიდე პენსიაზე?“. მერი ბერი ახალგაზრდებს ურჩევს, არასოდეს დანებდნენ, იმუშაონ ბევრი და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა გამოცდილების მისაღებად.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.