ბარსელონაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ფესტივალი Primavera Sound-ი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ორგანიზატორებმა უამინდობის გამო ჰედლაინერების — Doja Cat-ის, Massive Attack-ისა და Bad Gyal-ის გამოსვლები ბოლო წუთს გააუქმეს.
გადაწყვეტილება „უსაფრთხოების მიზნით“ იქნა მიღებული. ფესტივალის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარემ საათში 80 კილომეტრს მიაღწია, რამაც სცენების ტექნიკური გამართვა შეუძლებელი გახადა. მანამდე, დღის განმავლობაში, უკვე გაუქმდა Alex G-სა და Mac DeMarco-ს კონცერტები.
ფესტივალის სტუმრები კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობენ. ლონდონელი ალექს მილსომი, რომელიც ფესტივალს ესწრებოდა, აცხადებს, რომ ოფიციალური ინფორმაციის არარსებობის გამო ფესტივალის ტერიტორიაზე ქაოსი სუფევდა. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ხმები იყო ერთადერთი წყარო, საიდანაც ინფორმაციას ვიგებდით“, — ამბობს ის.
მილსომის თქმით, Doja Cat-ის გაუქმების შესახებ მან პირადად მომღერლის Instagram-ლაივიდან შეიტყო. მომღერალმა განაცხადა, რომ „გულგატეხილია“ და სცენაზე გამოსვლას მოუთმენლად ელოდა. მსმენელთა ნაწილი აღშფოთებულია იმით, რომ ფესტივალის მენეჯმენტმა არ გაითვალისწინა ამინდის პროგნოზი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი.
ირლანდიელი ლორენ კაშელი, რომელიც მეგობრებთან ერთად შვიდი საათის განმავლობაში წვიმაში იდგა, ყვება, რომ მუსიკის მოსმენა საერთოდ ვერ მოახერხა. „ყველა შოკირებული იყო იმით, თუ როგორ მოხდა მოვლენების მართვა. არანაირი სარეზერვო გეგმა არ არსებობდა“, — აღნიშნავს ის.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ „იზიარებენ აუდიტორიის იმედგაცრუებას“. მათი თქმით, უსაფრთხოების პროტოკოლები სრულად იქნა დაცული და სერიოზული ინციდენტები არ მომხდარა. ხუთშაბათის ბილეთების ღირებულება მსმენელებს სრულად აუნაზღაურდებათ, დეტალები კი ორშაბათს გახდება ცნობილი.
მიუხედავად ინციდენტისა, ფესტივალი გეგმის მიხედვით გრძელდება. მომდევნო დღეებში სცენაზე The Cure, Addison Rae და PinkPantheress უნდა წარდგნენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.