უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 225 019-ს მიაღწია. აღნიშნული მონაცემები BBC-ის რუსულმა სამსახურმა და „მედიაზონამ“ მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად 5 ივნისის მდგომარეობით გამოაქვეყნეს.
კვლევა ეფუძნება ღია წყაროების ანალიზს, მათ შორის ნეკროლოგებს, სასაფლაოებიდან მოპოვებულ ფოტოსურათებს, ომის მემორიალებსა და სამთავრობო რეესტრებს. მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დაღუპულთა რეალური სტატისტიკა შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.
დანაკარგების დინამიკა
ომის სხვადასხვა ეტაპზე რუსეთის არმიამ განსხვავებული ტიპის დანაკარგები განიცადა. 2022 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე მსხვერპლის უდიდესი ნაწილი მოხალისეებზე მოდიოდა, საწყის ეტაპზე კი ყველაზე მძიმე დარტყმა საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფებმა მიიღეს.
2022 წლის მიწურულს და 2023 წლის დასაწყისში სურათი შეიცვალა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გააქტიურებით. პატიმრების მასობრივმა რეკრუტირებამ ბახმუტის ბრძოლებში რუსეთის მხარეს მსხვერპლის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. 2023 წლის მარტისთვის სწორედ ეს კატეგორია გახდა ყველაზე მრავალრიცხოვანი დაღუპულთა შორის.
ამჟამად ტენდენცია კვლავ შეიცვალა. 2024 წლის სექტემბრისთვის მოხალისეები კვლავ დაუბრუნდნენ „ლიდერობას“ დაღუპულთა სტატისტიკაში. ეს განპირობებულია პატიმრების რეკრუტირების შემცირებითა და კონტრაქტორი ჯარისკაცების მუდმივი ნაკადით.
ოფიცერთა დანაკარგები
კვლევის თანახმად, დადასტურებულია 7200-ზე მეტი ოფიცრის სიკვდილი. თუმცა, საინტერესოა ტენდენცია: დაღუპულთა საერთო რაოდენობაში ოფიცრების წილი მცირდება.
ომის დასაწყისში, როდესაც საბრძოლო მოქმედებებს ძირითადად პროფესიონალი კონტრაქტორები აწარმოებდნენ, დაღუპულთა 10%-ს ოფიცრები შეადგენდნენ. 2024 წლის ნოემბრისთვის ეს მაჩვენებელი 2-3%-მდე დაეცა. ანალიტიკოსები ამას ომის ხასიათის ცვლილებასა და რიგითი მოხალისეების მასობრივ გამოყენებას უკავშირებენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.