ინდიანას შტატის ქალაქ შელბივილში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების მონაცემთა ცენტრის მშენებლობის ირგვლივ დაპირისპირება პოლიტიკურ სკანდალში გადაიზარდა. ქალაქის მერმა სკოტ ფერგიუსონმა საჯარო სივრცეში მოქალაქეების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ვიდეოჩანაწერში მერი მონაცემთა ცენტრის მშენებლობის მოწინააღმდეგე „არა მონაცემთა ცენტრს“ (No Data Center) პლაკატებზე საუბრობს. ფერგიუსონმა განაცხადა: „მე მსგავსი პლაკატები ქალაქის ბევრგან ვნახე, მაგრამ მათ მხოლოდ უღირს სახლებზე ვხედავ“.

მერმა საუბარი დაამატა იმით, რომ ეს სახლები ძირითადად გაქირავებულია. აღნიშნულმა განცხადებამ ადგილობრივების აღშფოთება გამოიწვია. საუბარში მონაწილე ერთ-ერთმა ქალბატონმა მერს მყისიერად უპასუხა, რომ საქმე ეხება მშრომელ კლასს და ადამიანების საცხოვრებელი სტატუსი მათ უფლებებს არ აკნინებს.

ადგილობრივი მაცხოვრებელი ალექსას უილიამსი NBC-ის ფილიალთან საუბრისას მერის სიტყვებს „უსამართლოსა და მტკივნეულს“ უწოდებს. მოქალაქეების აზრით, მერმა საკუთარი ამომრჩევლების მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.

[[MEDIA:https://www.tiktok.com/@moreperfectunion/video/7647663715872967950?_r=1&_t=ZT-96yS8CT6EmL]]

სკანდალის შემდეგ, მერის ოფისმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სკოტ ფერგიუსონი ნანობს „სიტყვების შერჩევას, რომელმაც შესაძლოა ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა“. თავად მერს დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია.

მონაცემთა ცენტრის პროექტი, რომელიც მილიარდობით დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, ქალაქისთვის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობად მიიჩნევა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილისთვის ის სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ამ შემთხვევაში კი საქმე უკვე არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, არამედ მერის კომუნიკაციის სტილს და მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებას ეხება.