Allbirds-ი, რომელიც წლების განმავლობაში მდგრადი მასალებისგან დამზადებული ფეხსაცმელებით იყო ცნობილი, რადიკალური ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის. კომპანიამ ოფიციალურად შეიცვალა სახელი და ამიერიდან Smartbird-ის სახელით იქნება ცნობილი. ცვლილებებს თან ახლავს ხელმძღვანელობის გადახალისებაც — კომპანიის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ნადია კარლსტენი გახდა.
ნადია კარლსტენი, რომელიც მანამდე Amazon Web Services-ის კვანტური გამოთვლების ცენტრს ხელმძღვანელობდა და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში მუშაობდა, გამოცდილი მენეჯერია. მისი ბოლო სამუშაო ადგილი DCAI იყო, სადაც ის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე პასუხისმგებელ გუნდს უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ DCAI თანამშრომლობს Nvidia-სთან და მართავს მძლავრ სუპერკომპიუტერ Gefion-ს.
ინვესტორებმა სიახლე დადებითად მიიღეს. Smartbird-ად რებრენდინგის შესახებ განცხადების შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 39%-ით გაიზარდა. ეს გადაწყვეტილება ლოგიკური გაგრძელებაა აპრილში დაწყებული პროცესისა, როდესაც ბრენდმა პირველად გამოაცხადა ფეხსაცმლის წარმოებიდან AI-ინფრასტრუქტურაზე გადასვლის შესახებ.
პროცესი საკმაოდ სწრაფი იყო: თებერვალში კომპანიამ აშშ-ში საკუთარი მაღაზიები დახურა, ხოლო მარტში ფეხსაცმლის ბიზნესი American Exchange Group-ს 39 მილიონ დოლარად მიჰყიდა. აპრილში, როდესაც კომპანიამ პირველად შეიცვალა სახელი და NewBird AI დაირქვა, მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ შვიდჯერ მოიმატა.
ბაზრის ტენდენცია თუ სარისკო ნაბიჯი?
Allbirds-ის ტრანსფორმაცია იმ ტენდენციის ნაწილია, რომელსაც უოლ-სტრიტი უკვე კარგად იცნობს. ტექნოლოგიური ბუმის პირობებში, განსაკუთრებით ChatGPT-ის დებიუტის შემდეგ, მრავალი კომპანია ცდილობს, საკუთარი ბიზნეს-მოდელი AI-ინდუსტრიას მოარგოს. მსგავსი ტრანსფორმაცია განიცადა სოციალური პლატფორმა Myseum-მაც, რომელმაც Allbirds-ის რებრენდინგიდან მეორე დღესვე განაცხადა AI-ზე ფოკუსირების შესახებ.
ეს სტრატეგია უცხო არ არის: კრიპტოვალუტების ბუმის დროს ბევრი კომპანია ბლოკჩეინსა და კრიპტომაინინგზე გადავიდა. მაგალითად, დღეს წარმატებული AI-ინფრასტრუქტურული კომპანია CoreWeave-იც თავდაპირველად კრიპტომაინინგით იყო დაკავებული, ვიდრე ხელოვნური ინტელექტის სფეროში გადაინაცვლებდა.
შეგახსენებთ, რომ Allbirds-ი 2015 წელს ტიმ ბრაუნისა და ჯოი ზვილინგერის მიერ დაარსდა. 2021 წელს კომპანია ნასდაქის ბირჟაზე გავიდა და მისი დებიუტი შთამბეჭდავი იყო — აქციები 90%-ით გაიზარდა. თუმცა, მზარდი კონკურენციისა და ბაზრის ცვალებადი ტენდენციების გამო, კომპანიის აქციებმა 2021 წლის ნოემბრის პიკიდან, რომელიც 577.80 დოლარს შეადგენდა, თითქმის 99%-იანი ვარდნა განიცადა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.