კუპერტინოში, Apple-ის სათაო ოფისში, ტრადიციული დეველოპერების კონფერენცია WWDC 2026 გაიხსნა. ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ტიმ კუკისთვის, როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისთვის, ბოლოა. სექტემბრიდან სადავეებს ჯონ ტერნუსი გადაიბარებს.

კონფერენციის მთავარი აქცენტი Apple Intelligence-ზე გაკეთდა. კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის ხელმძღვანელმა კრეიგ ფედერიგიმ ხაზი გაუსვა, რომ Apple-ის მიდგომა ხელოვნური ინტელექტისადმი განსხვავებულია. მისი თქმით, ზოგიერთი კომპანია AI-ს მხოლოდ „ხელოვნური ინტელექტისთვის“ ავითარებს, მაშინ როცა Apple პერსონალიზებულ მონაცემებსა და მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებულ ტექნოლოგიებს ქმნის.

ღონისძიებაზე წარდგენილი იქნა Apple-ის ახალი MacOS, სახელწოდებით „Golden Gate“, რაც ტრადიციულად კალიფორნიის ღირსშესანიშნაობებს უკავშირდება. გარდა ამისა, Apple-მა გააუმჯობესა Liquid Glass დიზაინის ენა, რომელიც ახლა უფრო მეტ პერსონალიზაციას იძლევა, მათ შორის გამჭვირვალობის რეგულირების შესაძლებლობას.

კომპანიამ ასევე დააანონსა Spotlight-ისა და სისტემური ძიების მასშტაბური განახლება. ახალი სისტემა ტელეფონში არსებულ კონტენტს რეალურ დროში ინდექსირებს, რაც მომხმარებელს მეილებისა და ფაილების ბევრად უფრო სწრაფად და ზუსტად მოძიებაში დაეხმარება.

ტიმ კუკმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ Apple App Store-ში საათში საშუალოდ 1000-მდე ახალი აპლიკაცია იტვირთება, რაც დეველოპერების მაღალ აქტივობაზე მიუთითებს. კონფერენციის ფარგლებში, რომელიც 12 ივნისამდე გაგრძელდება, დაგეგმილია ტექნიკური სესიები და ვორქშოფები, სადაც დეველოპერები ახალი ინსტრუმენტების დეტალებს გაეცნობიან.

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის აქციები ბოლო პერიოდში რეკორდულ მაჩვენებლებთან ახლოსაა, ინვესტორების მთავარი მოლოდინი Apple Intelligence-ის პრაქტიკული შედეგებია. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს კონფერენცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბაზარმა Apple-ის AI სტრატეგიის ეფექტურობა დაადასტუროს.