საერთაშორისო ორგანიზაცია Foodwatch-ის ახალმა ლაბორატორიულმა კვლევამ შემაშფოთებელი შედეგები აჩვენა. ევროპული ქვეყნების — გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიისა და ნიდერლანდების ბაზრებზე არსებულ საკვებ პროდუქტებში პესტიციდების ნარჩენები აღმოჩნდა. საუბარია იმ ნივთიერებებზე, რომლებიც ევროკავშირში დაშვებული არ არის.
რა პროდუქტები შემოწმდა?
ლაბორატორიულმა ტესტებმა 64 სხვადასხვა დასახელების პროდუქტი მოიცვა. მათ შორის იყო ბრინჯი, პაპრიკის ფხვნილი, სხვადასხვა სახის ჩაი, კუმინის თესლი და კარის სუნელი. კვლევამ დაადასტურა, რომ ამ პროდუქტებში ისეთი ქიმიკატებია, რომელთა გამოყენება ან გაყიდვა ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალულია.
პრობლემის სათავე: „ტოქსიკური ბუმერანგი“
ორგანიზაცია ამ ფენომენს „ტოქსიკური პესტიციდების ბუმერანგს“ უწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქიმიკატები ევროპულ ბაზარზე აკრძალულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნები მათ მესამე ქვეყნებში აქტიურად ახორციელებენ ექსპორტზე.
შედეგად, ეს ნივთიერებები გამოიყენება საზღვარგარეთ წარმოებულ საკვებ პროდუქტებში, რომლებიც მოგვიანებით ისევ ევროპულ ბაზარზე ბრუნდება, უკვე იმპორტირებული საკვების შემადგენლობაში. ევროპული ქიმიკატების სააგენტოს მონაცემებით, 2024-2025 წლებში ევროკავშირიდან მესამე ქვეყნებში გატანილია ექვსი ისეთი პესტიციდი, რომელიც მოგვიანებით კვლევისას საკვებში აღმოაჩინეს.
რისკები და პოლიტიკური ფონი
კვლევაში გამოვლენილ აკრძალულ ნივთიერებებს შორის არის: Chlorfenapyr, Bifenthrin, Spirotetramat, Clothianidin, Thiametoxam, Imadacloprid და Isoprothiolane.
სიტუაციას ართულებს ის გარემოება, რომ ბრიუსელი გეგმავს სურსათის უვნებლობის რეგულაციების შესუსტებას. იგეგმება ათამდე კანონში ცვლილებების შეტანა, რაც პესტიციდების უსაფრთხოების შემოწმებას, ნარჩენების ლიმიტებსა და იმპორტის კონტროლს გაამარტივებს. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ეს ნაბიჯი მომხმარებელთა დაცვის მექანიზმებს მნიშვნელოვნად დაასუსტებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.