ავტომწარმოებლებმა Ford-მა, Honda-მ, Volkswagen-მა და Stellantis-ის შემადგენლობაში შემავალმა FCA-მ აშშ-ის ნიუ-ჯერსის შტატის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. კომპანიები მიზნად ისახავენ იმ ახალი კანონის შეჩერებას, რომელიც ავტომობილების გარანტიული და გაწვევასთან დაკავშირებული სარემონტო სამუშაოებისთვის ავტოდილერების ანაზღაურების წესს განსაზღვრავს.

სარჩელის თანახმად, 2026 წლის 1 აპრილიდან ამოქმედებული რეგულაცია ავტორიზებულ დილერებს მწარმოებლებისგან მომსახურების საფასურის დამოუკიდებლად დადგენის ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს. ავტომწარმოებლები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება მათ ზედმეტ ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებს.

კომპანიების შეფასებით, აღნიშნული რეგულაციის გამო ავტომწარმოებლებიდან ავტოდილერებზე ყოველწლიურად 375 მილიონ დოლარზე მეტი გადაინაცვლებს. მათი განმარტებით, კანონი დილერებს საშუალებას აძლევს, მოითხოვონ ანაზღაურება ისეთი შრომითი საათებისთვისაც კი, რომლებიც მექანიკოსებს რეალურად არ დაუხარჯავთ. დავა ასევე ეხება სათადარიგო ნაწილებზე ფასნამატების ანაზღაურების მოთხოვნას, მათ შორის იმ შემთხვევებში, როდესაც დილერებმა ნაწილები მწარმოებლისგან შეღავათიან ფასად ან უფასოდ მიიღეს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ახალი კანონი აშშ-ის კონსტიტუციის რამდენიმე დებულებას არღვევს და ეწინააღმდეგება ფედერალურ კანონმდებლობას. ამასთან, საქმეში მოპასუხის სტატუსით მონაწილეობს ნიუ-ჯერსის ავტოდილერების ასოციაციაც, რომელიც რეგულაციას მხარს უჭერს.

ასოციაციის განცხადებით, ავტომწარმოებლები წლების განმავლობაში დილერების ხარჯზე შეღავათებით სარგებლობდნენ, ახალი კანონი კი მიზნად სწორედ ამ უთანასწორობის აღმოფხვრას ისახავს.