„გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე გიგა ფარულავა აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს აგებს. ფარულავას შეფასებით, ობიექტური დამკვირვებლისთვის მმართველი გუნდის პოზიცია დაუსაბუთებელია.

ფარულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა სასამართლო განხილვის პროცედურულ ნაწილზე. მისი თქმით, სასამართლომ გამოტოვა მნიშვნელოვანი მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპი, რაც ოპოზიციონერის აზრით, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად დაარწმუნებდა სარჩელის აბსურდულობაში.

„დღეს ამ განვლილი პერიოდით ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, ობიექტური შემფასებლის თვალით, „ოცნება“ ამ პროცესებს აგებს“, - განაცხადა გიგა ფარულავამ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მტკიცებულებების გამოკვლევის პროცედურის გამოტოვებისა, მოსარჩელე მხარეს კითხვა-პასუხის რეჟიმში საკუთარი პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობა მაინც ჰქონდა. ფარულავას თქმით, მტკიცებულებების საჯარო გამოკვლევა მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას თავად შეეფასებინა სარჩელის შინაარსი.

„მტკიცებულების გამოკვლევა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამას საზოგადოება უყურებს, საჯარო არის და ობიექტური შემფასებელი თავად ნახავდა, დარწმუნდებოდა კიდევ უფრო მეტად იმ აბსურდულობაში ამ კონკრეტული სარჩელის, რაც აქვთ მათ პოლიტიკური ნარატივებით გაჯერებული“, - აღნიშნა ფარულავამ.

„გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი უახლოეს მომავალში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება. მისი თქმით, პროცესების დასრულების შემდეგ შედეგები საჯარო გახდება.