საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები სუროგაციის აკრძალვის თაობაზე ხელისუფლების ინიციატივას დადებითად აფასებენ. დეკანოზების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია და სრულად შეესაბამება მათ პოზიციას.
ეკლესიის პოზიცია სუროგაციასთან დაკავშირებით
ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ სუროგაცია ეკლესიისთვის მიუღებელია. მისი თქმით, ეს საკითხი არაერთხელ გამხდარა პატრიარქ ილია მეორის განხილვის საგანი.
„ძალიან ხშირად ხდება, რომ ბავშვები უცხოელებზე იყიდებიან, ჩამოდიან ადამიანები, რომლებიც ადამიანებს ქირაობენ. ეკლესიისთვის სუროგაცია ძალიან მიუღებელია. მე ბევრჯერ მისაუბრია სუროგატებთან და საშინელ სტრესს განიცდიან“, — განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ კანონის მიღების გადაწყვეტილება სასულიერო პირებისთვის მისასალმებელი ფაქტია.
„ცოდვიანი შემოსავალი“
ინიციატივას გამოეხმაურა გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის წინამძღვარი, მამა ვაჟა სონღულაშვილიც. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რა მომავალი ელით სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებს.
„ასეთი ცოდვიანი შემოსავალი, როგორც მისმა უწმინდესობამ, შიო მესამემ ბრძანა, არავის ხეირს არ მოუტანს. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ერის სურვილიცაა, რომ აიკრძალოს. მადლობა ღმერთს, თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და იქნება ამ გადაწყვეტილებაში მტკიცე“, — აღნიშნა მამა ვაჟა სონღულაშვილმა.
სასულიერო პირების განცხადებები ეფუძნება ეკლესიის მყარ პოზიციას, რომლის მიხედვითაც, სუროგაციის პრაქტიკა ეთიკურად და რელიგიურად მიუღებელია.







დისკუსია
0 კომენტარი