ხელოვნური ინტელექტის სფეროში გლობალური კონკურენცია ახალ ფაზაში შედის. Google-ის ინჟინერიის ვიცე-პრეზიდენტმა და Gemini-ს AI მოდელების თანახელმძღვანელმა, ნოამ შაზირმა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტოვებს კომპანიას და სამუშაოდ OpenAI-ში გადადის.

შაზირმა აღნიშნულ ცვლილებაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ OpenAI-ის გუნდთან შეერთება მისთვის საინტერესო გამოწვევაა, თუმცა Google-დან წამოსვლა მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო. „ვამაყობ იმ საქმით, რაც Google-ში გუნდთან ერთად შევქმენით“, — წერს შაზირი.

დაბრუნებიდან ორ წელზე ნაკლებ დროში

ეს ნაბიჯი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ შაზირი Google-ში სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. 2024 წლის აგვისტოში, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ის და მკვლევარი დენიელ დე ფრეიტასი თავიანთ DeepMind-ის განყოფილებაში მიიწვიეს. ეს თანამშრომლობა Character.AI-სთან პარტნიორობის ნაწილი იყო — სტარტაპისა, რომელიც წყვილმა 2021 წელს, Google-დან პირველად წამოსვლის შემდეგ დააარსა.

შაზირისა და დე ფრეიტასის პირველადი წასვლა Google-იდან 2021 წელს უკავშირდებოდა კომპანიის უარს, აქტიურად განევითარებინათ ის ჩატბოტის პროექტი, რომელსაც ისინი ლობირებდნენ. მოგვიანებით, მათ მიერ დაარსებული Character.AI ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სტარტაპად იქცა.

კონკურენცია კადრებისთვის

ექსპერტები ამ გადასვლას აფასებენ, როგორც AI სექტორში ტოპ-კადრებისთვის გამწვავებული ბრძოლის ნაწილს. ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ, მაქსიმალურად გააძლიერონ თავიანთი გუნდები წამყვანი ინჟინრებით, რათა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნონ.

ცვლილება ხდება იმ პერიოდში, როდესაც Google აქტიურად ცდილობს საკუთარი პოზიციების გამყარებას. სულ რამდენიმე კვირის წინ, ყოველწლიურ I/O კონფერენციაზე, კომპანიამ ახალი პროდუქტები, მათ შორის Gemini 3.5 Flash მოდელი და Gemini Spark AI აგენტი წარადგინა.

ამავდროულად, OpenAI, რომელიც ChatGPT-ს ავტორია, აქტიურად ემზადება ბაზარზე გასასვლელად. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ამ თვის დასაწყისში უკვე კონფიდენციალურად წარადგინა განაცხადი პირველად საჯარო შეთავაზებაზე (IPO), რაც უახლესი წლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საფინანსო მოვლენად ითვლება.