გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz აშშ-ის ბაზარზე საქმიანობის შეწყვეტის რისკის ქვეშ აღმოჩნდა. მიზეზი აშშ-ის კონგრესში ინიცირებული „2026 წლის ავტომობილების მოდერნიზაციის აქტია“, რომელიც ჩინეთის გავლენის შემცირებას ისახავს მიზნად.

კანონპროექტი კრძალავს იმ ავტომწარმოებლების მიერ აშშ-ში მანქანების იმპორტს, გაყიდვას ან წარმოებას, რომელთა კაპიტალში „უცხოელი მოწინააღმდეგე მთავრობის“ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილია. ჩინეთი ამ სიაში რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად ფიგურირებს.

პრობლემა წილობრივ მონაწილეობაში

Mercedes-Benz-ის ყველაზე მსხვილი ინდივიდუალური აქციონერი ჩინური სახელმწიფო კომპანია BAIC-ია, რომელიც გერმანული ავტომწარმოებლის აქციების 9,98%-ს ფლობს. კანონმდებლობის ამჟამინდელი ვერსიით, ეს წილი კომპანიას ავტომატურად უქმნის ბარიერებს აშშ-ის ბაზარზე.

სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ Mercedes-Benz-ის აქციების კიდევ 9,69%-ს ჩინელი მილიარდერი ლი შუფუ ფლობს, რომელიც კომპანია Geely-ის ხელმძღვანელია. ჯამურად, ჩინური მხარე კომპანიის კაპიტალის თითქმის 20%-ს აკონტროლებს, რაც კანონპროექტში გათვალისწინებულ 15%-იან „კონტროლის“ ზღვარს აღემატება.

რა მოჰყვება კანონის ამოქმედებას?

კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მიზანი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დაცვაა. თუმცა, ექსპერტები და დარგის წარმომადგენლები მიუთითებენ კანონში არსებულ „ნაცრისფერ ზონებზე“. მათი თქმით, ტექსტი საკმაოდ მკაცრია და შესაძლოა, Mercedes-Benz-ის მსგავსი გლობალური მოთამაშეები აშშ-ის ბაზარს ჩამოაშოროს.

კომპანიას აშშ-ში ორი დიდი ქარხანა აქვს, სადაც 11 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ყველაზე დიდი საწარმო ტუსკალუსაში, ალაბამას შტატში მდებარეობს, რომელიც 1997 წლიდან 4,5 მილიონზე მეტ ავტომობილს აწარმოებს.

ამ ეტაპზე Mercedes-Benz-ის წარმომადგენლები კომენტარისგან თავს იკავებენ. კანონპროექტი ჯერჯერობით მხოლოდ წარმომადგენელთა პალატის ინიციატივაა და სენატში ანალოგიური დოკუმენტი არ არსებობს, თუმცა დისკუსიები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.