Meta-ს აქციების ღირებულება პარასკევს 5%-ზე მეტით შემცირდა. ინვესტორების რეაქცია Financial Times-ის იმ პუბლიკაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, კომპანია ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით ინვესტიციების გასაზრდელად ათობით მილიარდი დოლარის მოზიდვას გეგმავს.
ამ ინფორმაციის ფონზე, ბაზარზე გაჩნდა მოლოდინი, რომ Meta აქციების დამატებით ემისიას განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნაბიჯი ცოტა ხნის წინ მისმა კონკურენტმა, Alphabet-მაც დააანონსა, რომელმაც 85 მილიარდი დოლარის მოზიდვის გეგმები გააჟღერა.
Meta-ს წარმომადგენელმა გავრცელებული ცნობები „სუფთა სპეკულაციად“ შეაფასა. კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მუდმივად ეძებენ კაპიტალის მოზიდვის მოქნილ გზებს, რათა AI-ს სფეროში არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები სრულად აითვისონ. ამასთან, FT-ის ცნობით, Meta-ს ჯერჯერობით არ დაუქირავებია ფინანსური ინსტიტუტები და აქციების გამოშვების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის.
ტექნოლოგიური გიგანტები ამჟამად უპრეცედენტო მასშტაბის კაპიტალურ დანახარჯებს ახორციელებენ. მიზანი AI-ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება სწრაფად აშენებაა, რათა ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას უპასუხონ. აპრილში Meta-მ 2026 წლისთვის კაპიტალური დანახარჯების პროგნოზი 135-დან 145 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
ინვესტორების მხრიდან სკეპტიციზმი უფრო მეტად იმითაა განპირობებული, თუ როგორ განსხვავებულად აფასებს ბაზარი ამ ორი კომპანიის ხარჯებს. Alphabet-ს აქვს მომგებიანი ღრუბლოვანი სერვისების ბიზნესი, რომელიც მის მაღალ დანახარჯებს ამართლებს, რაც აისახა კიდეც აქციების 115%-იან ზრდაში ბოლო 12 თვის განმავლობაში. ამავე პერიოდში Meta-ს აქციები 13%-ით დაეცა, რაც სექტორში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მაჩვენებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსების ნაწილი Meta-ს კვლავ პერსპექტიულად მიიჩნევს, ბაზარი ამჟამად მეტად მგრძნობიარეა ტექნოლოგიურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის ხარჯების ზრდის მიმართ.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.