მილიარდერი ინვესტორი რონ ბარონი SpaceX-ის აქციების საჯარო შეთავაზების (IPO) პროცესში აქტიურად ჩაერთო. მაშინ, როცა ბევრი მოთამაშე მოგების ფიქსაციას ცდილობს, ბარონმა პირიქით — პოზიციების გამყარება არჩია.

Baron Capital-მა პარასკევს, IPO-ს ფარგლებში, SpaceX-ის დამატებით 1 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები შეიძინა. ამ ნაბიჯით კომპანიაში ფონდის საერთო წილის ღირებულება დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს აღწევს. ეს გადაწყვეტილება ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის მიმართ უდიდესი ნდობის დემონსტრირებაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც SpaceX-ის შეფასებამ 2 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

„ვფიქრობ, ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვიშოვით“, — განაცხადა ბარონმა CNBC-ის ეთერში. მისი თქმით, ის, რასაც SpaceX აკეთებს, სხვებისთვის მიუღწეველია. ბარონი დარწმუნებულია, რომ კომპანია კონკურენტებს მინიმუმ 10 წლით უსწრებს როგორც რაკეტების, ისე სატელიტების წარმოებისა და ქსელების განვითარების კუთხით.

ინვესტორმა განმარტა, რომ IPO-ში მონაწილეობა მიიღო იმისთვის, რათა ფონდის საკუთრების პროცენტული წილი არ განზავებულიყო. როგორც მან აღნიშნა, ის ბიზნესის გრძელვადიანი ინვესტორია და არა სპეკულაციური მოვაჭრე.

რონ ბარონი SpaceX-ის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული და ერთგული მხარდამჭერია. მან კომპანიაში ინვესტირება ჯერ კიდევ 2017 წელს, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი აქციების შესყიდვით დაიწყო. იმ დროს SpaceX-ის საბაზრო ღირებულება 22 მილიარდ დოლარზე ნაკლები იყო. მას შემდეგ ბარონმა დაფინანსების 27 რაუნდში მიიღო მონაწილეობა.