საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ვარშავაში, „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ (P-TEC) რიგით მეშვიდე მინისტერიალზე, საქართველოს სტრატეგიულ როლზე ისაუბრა. ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყანა აქტიურად არის ჩართული რეგიონულ ენერგეტიკულ ინიციატივებში.
ქვრივიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ საქართველომ ხელი მოაწერა რეგიონულ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს, ბულგარეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობას ითვალისწინებს. პროექტი სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელების განვითარებას გულისხმობს, რაც აზერბაიჯანსა და საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის თურქეთისა და ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის საშუალებას მისცემს.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა „მწვანე ენერგეტიკული პროექტისა და კაბელის“ მნიშვნელობას, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოს, უნგრეთსა და რუმინეთს აერთიანებს. „საქართველო განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი თანაპარტნიორი და თანამონაწილე და შემქმნელი მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტისა. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი აღნიშნული პროექტითაც განვახორციელოთ ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტერიალის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს ისტორიულ როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებაში. მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, საქართველო ამ ფუნქციას ენერგეტიკულ სექტორშიც წარმატებით ასრულებს, რასაც სტრატეგიული ინფრასტრუქტურა - ნავთობისა და გაზის მილსადენები, ასევე ელექტროგადამცემი ქსელები უზრუნველყოფს.







დისკუსია
0 კომენტარი