საქართველოს ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი რამშტაინის ფორმატის შეხვედრას დაესწრო, რომელიც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა უეს სტრიტინგმა გახსნა.

შეხვედრის მონაწილეებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება და არსებული გამოწვევები განიხილეს. ღონისძიების მიმდინარეობისას დამსწრეებს ვირტუალურ ფორმატში სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს საერთაშორისო პარტნიორებმაც, მათ შორის გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ და აშშ-ის ომის მდივნის მოადგილემ ელბრიჯ კოლბიმ.

შეხვედრები ნატო-ში

ბრიუსელში ვიზიტისას ირაკლი ჩიქოვანმა ორმხრივი შეხვედრა გამართა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, კევინ ჰამილტონთან, რომელიც ასევე იკავებს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციას პარტნიორობების მიმართულებით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პრაქტიკული მექანიზმების განხორციელების მიმდინარე პროცესსა და ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე.