საქართველო დღეს, 31 მაისს, პოლიციელის დღეს აღნიშნავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან დილიდან საზეიმო სამზადისია. უწყების ცნობით, ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენელთა საზეიმო მსვლელობა და სახელმწიფო ჰიმნის შესრულება.
უმაღლესი რანგის სტუმრები და დაჯილდოება
ღონისძიებას საპატიო სტუმრები ესწრებიან. სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის მერი, ასევე ვიცე-პრემიერი და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
დღის მთავარი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დაჯილდოებას ეთმობა. უწყების ხელმძღვანელობა სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებს პროფესიული მიღწევებისთვის დააჯილდოებს.
პოლიციელები და მეხანძრე-მაშველები პროფესიულ დღეს
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სოსო სულიკაშვილი აცხადებს, რომ პოლიციელის მუნდირის ტარება დიდი პასუხისმგებლობაა. „31 მაისი ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მინდა, თითოეულ თანამშრომელს ვუსურვო კარიერული წინსვლა და მშვიდობით დაბრუნება ოჯახებში“, — აღნიშნა მან.
პროფესიულ დღეს ესალმებიან მეხანძრე-მაშველებიც. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან მუსელიანი ხაზს უსვამს, რომ სხვისი სიცოცხლის გადარჩენა უწყების თითოეული წევრისთვის უდიდესი საამაყო ფაქტორია.
„იზრუნო ადამიანის სიცოცხლეზე, ეს არის საპასუხისმგებლო მისია, რომელსაც მეხანძრე-მაშველები ყოველდღიურად ასრულებენ“, — განაცხადა ლევან მუსელიანმა.
პოლიციელის დღე საქართველოში უკვე წლებია, ტრადიციულად აღინიშნება და ის მიზნად ისახავს სამართალდამცავთა საქმიანობის დაფასებასა და მათი როლის ხაზგასმას საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.