აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გაიტაცეს. მისი მეუღლის, სევინჩ სადიგოვას ინფორმაციით, ინციდენტი საცხოვრებელ სახლში მოხდა.
სევინჩ სადიგოვას თქმით, სახლში 4-5 ნიღბიანი პირი შეიჭრა. ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ და აფგან სადიგოვი ძალის გამოყენებით წაიყვანეს.
„სულ ახლახან 4–5 ნიღბიანი პირი, სამოქალაქო ტანსაცმელში, შეიჭრა იმ ადგილას, სადაც აფგანი იმყოფებოდა და ის ძალის გამოყენებით წაიყვანა“, - აცხადებს სევინჩ სადიგოვა.
უცნობი ადგილსამყოფელი
ამ დროისთვის სადიგოვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ოჯახისთვის უცნობია, თუ ვინ იყვნენ ეს პირები და რა მიზეზით მოხდა ჟურნალისტის წაყვანა.
„ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა, სად გადაიყვანეს და რა მიზეზით“, - ამბობს სევინჩ სადიგოვა.
წინაისტორია
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა. 5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადიგოვს ბრალი ედებოდა სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფაში. სასჯელის სახით მას დაეკისრა 2 000 ლარის ოდენობით ჯარიმა, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
ამჟამად მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება აზერბაიჯანელ უფლებადამცველებთან ერთად.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.