ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ იტალიისკენ მიემართება. 13-დან 21 ივნისის ჩათვლით, ანსამბლი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სერიას გამართავს და იტალიელ მსმენელს ქართული მუსიკალური კულტურის უნიკალურობას გააცნობს.

ტურნე 13 ივნისს, ქალაქ ტრენტოში დაიწყება. „ბასიანი“ საერთაშორისო ფოლკლორული მუსიკის ფესტივალს, DISCANTO-ს გახსნის. კონცერტი მე-12 საუკუნის ისტორიულ ადგილას, Badia di San Lorenzo-ს მონასტერში ჩატარდება.

მომდევნო დღეს, 14 ივნისს, ანსამბლი მსმენელის წინაშე ქალაქ პრატოში წარდგება. წმინდა სტეფანეს საკათედრო ტაძარში (Duomo di Prato) „ბასიანი“ ძალებს ანსამბლ „ივერიონთან“ ერთად გააერთიანებს და ერთობლივ კონცერტს გამართავს.

ტურნეს გაგრძელება უმბრიასა და ვენეტოში

იტალიური ტურნე უმბრიის ისტორიულ დედაქალაქ პერუჯაში გაგრძელდება. 18 ივნისს ანსამბლი პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალის, Amici della Musica di Perugia-ს ფარგლებში გამართავს კონცერტს. მუსიკალური საღამო წმინდა პეტრეს ბაზილიკაშია დაგეგმილი.

20 ივნისს „ბასიანი“ ვენეტოს რეგიონში გადაინაცვლებს, სადაც Internationale di Musica Portogruaro-ს ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას. გამოსვლა ზღვისპირა ქალაქ კაორლეს ისტორიულ, მე-11 საუკუნის ტაძარში, Duomo di Santo Stefano-ში შედგება.

იტალიური ტურნეს ფინალი

ანსამბლის საერთაშორისო მოგზაურობა 21 ივნისს დასრულდება. „ბასიანი“ გორიცას პროვინციაში, რიგით მე-19 Piccolo Opera Festival-ს დახურავს. დასკვნითი კონცერტი კორმონსის საკათედრო ტაძარში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ტურნეს მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტროა. ეს ვიზიტი კიდევ ერთი ნაბიჯია ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო პოპულარიზაციის გზაზე.