აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტს“. კანონპროექტის ავტორები კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი არიან. გადაწყვეტილება ხმოვანი კენჭისყრით მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარბაზში დოკუმენტს მხარი უმრავლესობამ დაუჭირა.
საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან მასტმა განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი ვაშინგტონს საშუალებას მისცემს, შეაფასოს საქართველოს დამოკიდებულება აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიის ხარისხსა და საგარეო გავლენებთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები დაგროვდა.
რას ითვალისწინებს კანონპროექტი?
აქტი სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაზვერვო და თავდაცვის უწყებებთან კოორდინაციით, მკაცრ ვადებს უწესებს. 180 დღის ვადაში მათ უნდა მოამზადონ გასაიდუმლოებული ანგარიში, რომელიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების შეღწევასა და მათ შესაძლო თანამშრომლობას შეისწავლის.
გარდა ამისა, დოკუმენტი ავალდებულებს სახელმწიფო დეპარტამენტს, შეიმუშაოს საქართველოსთან ურთიერთობის ხუთწლიანი სტრატეგია. ამ სტრატეგიამ უნდა შეაფასოს:
- ორმხრივი პოლიტიკური კავშირები;
- აშშ-ის მიერ გაწეული ფინანსური დახმარების ეფექტურობა;
- საქართველოს შიდა პოლიტიკური გარემო.
საბოლოო ჯამში, ანგარიშმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, მიზანშეწონილია თუ არა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ინვესტიციების გაგრძელება.
ჩინური გავლენები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა
კონგრესმენი ბრაიან მასტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შიგნით ჩინეთის გაძლიერებულ გავლენაზე. მან მაგალითად ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი მოიყვანა, სადაც აშშ-ის კომპანიის ნაცვლად ჩინური კონსორციუმი შეირჩა.
„კონკურენცია კარგია, მაგრამ როცა საქმე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ეხება, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ატარებს“, – აღნიშნა მასტმა.
კონგრესმენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ დგას, ქვეყანაში რუსული გავლენების არსებობა კვლავ შემაშფოთებელ ფაქტორად რჩება, რაც აშშ-ს საგარეო პოლიტიკური შეფასებების საგანი ხდება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.