სემ ალტმანის ბიზნეს-იმპერიაში ცვლილებებია. მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტის გიგანტი OpenAI საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) ემზადება, ალტმანის მეორე კომპანია, Tools for Humanity, თანამშრომელთა შემცირებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ Business Insider ავრცელებს.

Tools for Humanity ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია პროექტით World (ყოფილი Worldcoin) და მისი გამორჩეული მოწყობილობით — ვერცხლისფერი „ორბით“, რომელიც მომხმარებლის თვალის ბადურას სკანირებს. კომპანიის მიზანია, უნიკალური ბიომეტრიული მონაცემების გამოყენებით განასხვავოს ადამიანი ბოტისგან, რაც სულ უფრო ავტომატიზებულ სამყაროში იდენტიფიკაციის ახალი სტანდარტი უნდა გამხდარიყო.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ამ მონაცემების გამოყენებას საკუთარი კრიპტოვალუტის, Worldcoin-ის ეკოსისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპმა 2.5 მილიარდ დოლარიანი შეფასებით მოიზიდა ინვესტიციები ისეთი ფონდებისგან, როგორიცაა Andreessen Horowitz და Bain Capital, კომპანია შემოსავლების გენერირებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

რეგულაციური გამოწვევები და ეთიკური კითხვები

Tools for Humanity-ს საქმიანობა არაერთ ქვეყანაში გახდა კრიტიკის საგანი. სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კენიასა და ინდოეთში, კომპანია მომხმარებლებს 50 დოლარის ეკვივალენტ კრიპტოვალუტას სთავაზობდა სანაცვლოდ მათი ბიომეტრიული მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ.

Image Credits:JUAN MABROMATA/AFP via Getty Images / Getty Images under a license.

ამ მიდგომამ სერიოზული სამართლებრივი შედეგები გამოიღო:

  • კენიამ პროექტი კონფიდენციალურობისა და ფინანსური რისკების გამო აკრძალა.
  • სამხრეთ კორეამ კომპანია 830 000 დოლარით დააჯარიმა ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია აშშ-ის ბაზარზე, სადაც თანამშრომლობს ისეთ პლატფორმებთან, როგორიცაა Tinder, Zoom და Docusign, საერთაშორისო მასშტაბით გამოვლენილმა ნდობის კრიზისმა და რეგულაციურმა ბარიერებმა კომპანიის ზრდა შეაფერხა. ამჟამად გაურკვეველია, რამდენად შეძლებს ალტმანის პროექტი ბიზნეს-მოდელის ოპტიმიზაციას და თანამშრომელთა შემცირების შემდეგ სტაბილური ფუნქციონირების შენარჩუნებას.